COVID19-ის გავრცელებით გამოწვეულმა გლობალურმა პანდემიამ მრავალი მიმართულებით შეცვალა ჩვენი ცხოვრება. მათ შორის, დაგვაფიქრა იმაზეც, თუ როგორ ვიკვებებით. შეზღუდვები, რომლებიც ვირუსის გავრცელების შენელებისკენ არის მიმართული, გულისხმობს: მოვერიდოთ სოციალურ ურთიერთობებსა და კვებას რესტორნებში, კაფეებსა და გარე ბაზრობებზე. უფრო მეტი დრო გავატაროთ სახლში. ხანგრძლივი დროით სახლში ყოფნამ კი, ბუნებრივია, გაზარდა საჭმლის მომზადების სიხშირე და საყვარელი რეცეპტების სრულყოფის შესაძლებლობა, ან სულაც - კრეატიული შემოქმედება სამზარეულოში - ახალი რეცეპტებით და ახალი გემოებით.
შეიძლება ვინმეს მიაჩნდეს, რომ სახლში მომზადებული კერძის გემოს სრულყოფის ერთადერთი საშუალება მარილის დამატებაა, თუმცა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებულია დღეში არაუმეტეს 5 გრამი მარილის მოხმარება. ჩვენს მოსახლეობაში კი, 18–69 წლამდე ასაკის პირებში მარილის მოხმარების მაჩვენებელი საშუალოდ 8,5 გრამია (ქალებში 7,4 გრამი, მამაკაცებში 9,7 გრამი).
ცოტამ თუ იცის, რომ ორგანიზმში მოხვედრილი ჭარბი მარილი აზიანებს თირკმელებს, გულსა და სასიცოცხლო არტერიებს. ნივთიერებათა ცვლის პროცესის დარღვევისას (მარილიანი საკვების მიღება ზრდის წყლის მოთხოვნილებას), ორგანიზმში სითხე გროვდება. ეს კი, შეშუპებისა და ჭარბი წონის მიზეზი ხდება. ძალიან მარილიანი საკვების მიღება, აგრეთვე, იწვევს გულის იშემიურ დაავადებებსა და ათეროსკლეროზს.
რაშია გამოსავალი? სინამდვილეში არსებობს უამრავი სხვა გზა, რომელთა საშუალებით საკვები შესაძლებელია უფრო მეტად არომატული და გემრიელი გახდეს!
GMnews-გთავაზობთ მარტივ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ გამოიყენოთ ნაკლები მარილი, მათ შორის:
ჩაანაცვლეთ მარილი ციტრუსით, ახალი მწვანილით, წიწაკით, ნივრით, შავი პილპილით და სხვა სანელებლებით;
შეამცირეთ მარილიანი სოუსების, როგორიცაა სოიოს სოუსი, კეტჩუპი და სალათის შესაკმაზი სოუსები და სხვა, გამოყენება;
თუ საკვების მარაგს იკეთებთ, შეიძინეთ ნაკლებმარილიანი საკვები ან გამოიყნეთ ნაკლები მარილი საკვების მარაგის მომზადებისას;
დაიმახსოვრეთ: მარილი მოიცავს ყველა სახის მარილს (მათ შორის ზღვის, ქვამარილსა და ვარდისფერ მარილს). მაგრამ არსებობს კლასიკური მარილის ალტერნატივები ნატრიუმის დაბალი შემცველობით - ეს მათთვის, ვისაც ცოტა მეტი დრო სჭირდება ნაკლებად მარილიან გემოსთან შესაგუებლად.
ასე რომ, კერძები, რომლებიც ჩვენს კულტურებსა და საზოგადოებებს აყალიბებს, კერძები, რითიც ვიზრდებოდით და რეცეპტები, რომლებიც ჩვენ გაგვისინჯავს და გვიყვარს – ყველაფერი შეგვიძლია მოვამზადოთ მეტი გემოთი და ნაკლები მარილით - ასე საკუთარ თავსაც და ოჯახის წევრებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში დავეხმარებით.