„ქართულმა ოცნებამ“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა.
მერობის კანდიდატები პარტიის თავმჯდომარემ, მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ წარადგინა.
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტების მერებს, რომლებიც გასული 4 წლის განმავლობაში პროფესიონალიზმითა და კეთილსინდისიერებით ემსახურებოდნენ საკუთარ მუნიციპალიტეტებს და ადგილობრივ მოსახლეობას.
,,როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გავხსენით საარჩევნო კამპანია, წარვადგინეთ დედაქალაქის მერობის კანდიდატი და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები.
დღეს, როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, მინდა, წარმოგიდგინოთ მერობის კანდიდატები მთელი ქვეყნის მასშტაბით 63 მუნიციპალიტეტში.
ხშირ შემთხვევაში, უკვე ცნობილია კანდიდატების ვინაობა, ბანერები და ბილბორდებიც არის გამოკრული, თუმცა, მინდა, რომ ერთიანად წარმოგიდგინოთ 63-ვე მერობის კანდიდატი.
პირველ რიგში, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ყველა გამოკითხვის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობა სარგებლობს გამორჩეულად მაღალი ნდობით საზოგადოებაში. ბუნებრივია, ჩვენი ამოცანა არის ამ ნდობის კიდევ უფრო მეტად განმტკიცება, ეს არის ჩვენი პარტიის ადგილობრივი წარმომადგენლების, ადგილობრივი ხელისუფლების ლიდერების, მერების, საკრებულოს თავმჯდომარეების, საკრებულოს წევრების, ადგილობრივი ხელისუფლების თითოეული თანამშრომლის დამსახურება.
მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ამისათვის ყველა მათგანს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო.
მადლობას ვუხდი მუნიციპალიტეტების მერებს, რომლებიც გასული 4 წლის განმავლობაში პროფესიონალიზმითა და კეთილსინდისიერებით ემსახურებოდნენ საკუთარ მუნიციპალიტეტებს და ადგილობრივ მოსახლეობას.
უნდა აღინიშნოს, რომ დღეს წარსადგენი 63 კანდიდატიდან, უმრავლესობა მოქმედი მერი ან მერის მოვალეობის შემსრულებელია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება შიდა ქართლს, ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ შიდა ქართლის ოთხი მუნიციპალიტეტიდან სამ მუნიციპალიტეტში მოქმედი მერის კანდიდატურა წარადგინა.
,,შიდა ქართლში მოქმედ მერს ან მერის მოვალეობის შემსრულებელს წარვადგენთ 4-დან 3 მუნიციპალიტეტში. ესენია:
გორში - კონსტანტინე ბუზალაძე;
ქარელში: ზაზა გულიაშვილი;
კასპში: ვახტანგ მაისურაძე;
ხაშურში ჩვენი კანდიდატი იქნება პაატა ჩადუნელი, რომელსაც აქვს კერძო სექტორში უმაღლეს მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.