დავით და გიორგი ცაციაშვილების განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული სერგო ახალკაცის საქმის განსახილველად ნაფიც მსაჯულთა შერჩევა უკვე დაიწყო
28 აპრილს, გორში, სავაჭრო ცენტრ ,,გალერეაში“, მამა-შვილის - დავით და გიორგი ცაციაშვილების განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული სერგო ახალკაცის საქმის განსახილველად ნაფიცი მსაჯულების შერჩევის ეტაპები უკვე დაიწყო.
ახალკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 30 აპრილს შეეფარდა, წინასასამართლო სხდომაზე კი, რომელიც 24 ივნისს გაიმართა, ცნობილი გახდა, რომ საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავდნენ.
ბრალდებული სერგო ახალკაცი ამ დრომდე თავს დამნაშავედ არ ცნობს, რაც შეეხება ბრალდების მხარეს, გამოძიების ინფორმაციით, გარდაცვლილებს სხეულზე არაერთი ცეცხლნასროლი დაზიანება აღენიშნებოდათ, ნაწარმოები იყო 5-ზე მეტი გასროლა.
ბრალდებული და დაზარალებულები დიდი ხნის ნაცნობები იყვნენ და ათეული წლებია, ,,გალერეაში“ მაღაზიებს ფლობდნენ.
,,გალერეის“ მოვაჭრეების ინფორმაციით, ბრალდებულსა და გარდაცვლილებს შორის კონფლიქტი სარეალიზაციო პროდუქციის თაობაზე მოხდა, მათივე ინფორმაციით, სერგო ახალკაცსა და დავით ცაციაშვილს შორის აღნიშნული მოტივით კონფლიქტი წლების განმავლობაში გრძელდებოდა.
- ინფორმაციისთვის: ნაფიცი მსაჯული არის ხალხის წარმომადგენელი, რომელიც კანონით დადგენილი წესით უშუალოდ მონაწილეობს მართლმსაჯულების განხორციელებაში. საქართველოში 2010 წლის 1 ოქტომბრიდან დამკვიდრდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო მძიმე კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებისთვის.
- ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისტემა განსხვავდება ტრადიციული მართლმსაჯულების სისტემისგან, სადაც გადაწყვეტილებას მხოლოდ პროფესიონალი და კანონის შესაბამისად დანიშნული მოსამართლე იღებს. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შედგება ნაფიცი მსაჯულებისგან და ერთი პროფესიონალი მოსამართლისგან. ნაფიცი მსაჯულები შეირჩევიან შემთხვევითი შერჩევის მეთოდით, ერთჯერადად, მხოლოდ კონკრეტული საქმისთვის და იღებენ გადაწყვეტილებას ფაქტებთან დაკავშირებით (მაგ. დამნაშავეა თუ არა ბრალდებული), ხოლო მოსამართლე წყვეტს სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებს.
- ნაფიცი მსაჯულები არ არიან იურისტები და მათ კომპეტენციაში არ შედის განსახილველი საქმის სამართლებრივი კუთხით შეფასება. მათ მხოლოდ ბრალდების და დაცვის მხარის წამოყენებული არგუმენტების მოსმენის საფუძველზე უნდა გამოიტანონ ვერდიქტი, არის თუ არა ბრალდებული დამნაშავე.
- როგორც წესი, ნაფიცი მსაჯულები ერთვებიან მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე, როგორიცაა, მაგალითად, მკვლელობა.
- ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 12 ძირითადი და 2 სათადარიგო მსაჯულისგან შედგება. ნაფიც მსაჯულად შეიძლება შეირჩეს სამოქალაქო რეესტრის სიაში არსებული 18 წელს ზევით მოქალაქე.
- კანონით განსაზღვრულია, რომ ნაფიცმსაჯულობა ყველა მოქალაქის ვალდებულებაა, გარდა, იურისტის, ფსიქოლოგის, გამომძიებლის და ა.შ.
- ნაფიცი მსაჯულები შეირჩევიან კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად შედგენილი სიიდან, ეს არის ე.წ. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გაფილტრული სია, რომელიც გადაეცემა სასამართლოს.
- ამ სიიდან 50 კაცს არჩევს მოსამართლე და წარუდგენს მხარეებს, რომლებიც გადიან აცილების ეტაპს, ამის შემდეგ აირჩევა 12 ძირითადი ნაფიცი მსაჯული და 2 სათადარიგო.
ამავე თემაზე: https://www.gmnews.ge/geo/12649