გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის განაპირას, შინდისის გმირების მემორიალთან, გარდაცვლილთა ახლობლები და თანამებრძოლები და ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, გორის მერის მოვალეობის შემსრულებელთან კონსტანტინე ბუზალაძესთან, სახელმწიფო რწმუნებულთან შიდა ქართლში სიმონ გულედანთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე ადგილობირივი თვიმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიაგო შინდისის გმირების ხსოვნას.
გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ სასულიერო პირებთან ერთად გადაიხადა.
17 წლის წინ, 2008 წლის 11 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის ძალების სენაკის ბატალიონის მე-2 ქვეითი ბრიგადა, საინჟინრო ქვედანაყოფთან ერთად, საავტომობილო კოლონით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც, შინდისის რკინიგზის სადგურთან, ქართული ქვედანაყოფი რუსული მოტომსროლელი ბატალიონის ჩასაფრებაში მოყვა.
შეტაკებისას, ორმხრივი სროლა 70 მეტრის რადიუსში მიმდინარეობდა. არსებული ინფორმაციით, ალყაში მოქცეულ ქართულ ქვედანაყოფს მცირე საბრძოლო რესურსი ჰქონდა, თუმცა, ამის მიუხედავად, ქვედანაყოფმა მოწინააღმდეგეს დიდი ზიანი მიაყენა.
2008 წლის 11 აგვისტოს, რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს, საქართველოს თავდაცვის ძალების II ქვეითი ბრიგადის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა - ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.
შინდისში, შეიარაღებული დაპირისპირების ადგილზე, დამონტაჟებულია შინდისის გმირების პორტრეტული მონუმენტი და ამავე ტერიტორიაზე დაწყებულია მემორიალური კომპლექსის მოწყობა.
მემორიალური კომპლექსის ძირითადი ნაწილი გარე სივრცეში მოეწყობა, სადაც ვიზიტორებს შინდისის ბრძოლის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიღების საშუალება ექნებათ.
სამუზეუმო სივრცის სამშენებლო სამუშაოები ორ ფაზად განხორციელდება. პირველი ფაზა უკვე დასრულებულია - შემუშავებულია კომპლექსის არქიტექტურული კონცეფცია, პროექტი და ესკიზები, რომლებიც დღეს შინდისში გამოფენილ სურათებზე წარმოადგენეს. პროექტი ითვალისწინებს 2 კოლონიანი გალერეის (კოლონადა) მოწყობას, რომელიც არქიტექტურულად განასახიერებს შინდისის შეტაკების 22 მებრძოლს.