სამართალი
06.08.2025 23:04
გორში, ცაბაძის ქუჩაზე, კორპუსის სადარბაზოში ნანახ ცხედართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

დღეს დილით, გორში, ცაბაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში მობინადრეების მიერ ნანახ ცხედართან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, თუმცა, სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემების გათვალისწინებით, მუხლი შესაძლოა გადაკვალიფიცირდეს.

,,მიმდინარე წლის 6 აგვისტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოში შევიდა შეტყობინება, გორში, ცაბაძის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედრის პოვნის შესახებ. ადგილზე დაუყოვნებლივ მობილიზებულ იქნა შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ყველა შესაბამისი დანაყოფი.

მომხდარზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, გამოძიება ამ ეტაპზე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, თუმცა, სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი მონაცემების გათვალისწინებით, მუხლი შესაძლოა გადაკვალიფიცირდეს.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.

აქვე მოგახსენებთ, რომ ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, თითქოს, ცხედარს აღენიშნება ცივი იარაღით მიყენებული დაზიანებები, არის სიცრუე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მედიის წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან და დაელოდონ საქმეზე მიმდინარე გამოძიების შედეგებს“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც შსს ავრცელებს.

ინფორმაციისთვის, გორში, ცაბაძის ქუჩაზე (თეატრის მიმდებარედ) მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში კორპუსის მცხოვრებლებმა 6 აგვისტოს, დილის საათებში, ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ნახეს, როგორც მობინადრეებმა ,,გორის მაცნესთან“ განაცხადეს, ვიზუალურად, გარდაცვლილს ფიზიკური ზემოქმედების კვალი არ აღენიშნებოდა.

ამავე თემაზე: https://www.gmnews.ge/geo/13180

კვირის ამბები