11 წლის ბიჭი, რომელიც ინტოქსიკაციის ნიშნებით გორის მე-7 საჯარო სკოლიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს, თავს კარგად გრძნობს. მოზარდმა კლინიკა უკვე დატოვა. ექიმების განცხადებით, პაციენტის სტაციონარში მოთავსება საჭირო არ გახდა. ,,კლინიკაში შემოყვანისას პაციენტის მდგომარეობა სტაბილური იყო. მას სისუსტე აღნიშნებოდა და როგორც თავად განაცხადა, ერთჯერადად ჰქონდა პირღებინება, ინტოქსიკაციის სხვა ნიშნები კი, გამოხატული არ ყოფილა, შესაბამისად, ინტრავენური გადასხმაც არ გახდა საჭირო. რთულია იმის თქმა, რამ გამოიწვია პირღებინება, პაციენტი უკვე გაეწერა ბინაზე“, - განაცხადა დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ ,,იავნანას“ პედიატრმა მარინა ფაცინაშვილმა.
რაც შეეხება სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელს, გორის მე-7 საჯარო სკოლის დირექტორი ვარაუდობს, რომ ინტოქსიკაციის ნიშნები სკოლის ბუფეტში შეძენილ ღვეზელს არ უკავშირდება. ,,მაშინვე დავინტერესდი ბავშვის მდგომარეობით, იგი თავს კარგად გრძნობს და უკვე ბინაზეა გაწერილი. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, ბავშვი სკოლაში შეძენილი ღვეზელით მოიწამლა, ძალიან რთულია ამ ვერსიაზე საუბარი იქიდან გამომდინარე, რომ სკოლის ბუფეტში დღეს ათობით მოსწავლემ შეიძინა იგივე ღვეზელი, თუმცა, ინტოქსიკაციის ნიშნები სხვა შემთხვევაში არ გამოვლენილა“, - განაცხადა GMnews-თან საუბრისას გორის მე-7 საჯარო სკოლის დირექტორმა ნოდარ იარღანაშვილმა.