საქართველოში ფოსტის არსებობას დიდი ხნის ისტორია აქვს. ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ საქართველოში ცნობების სწრაფად გადაცემა ხორციელდებოდა შიკრიკთა და მალემსრბოლთა მეშვეობით. საქართველოში საფოსტო მტრედებთან ერთად, ცნობების გადასაცემად საფოსტო ურემს იყენებდნენ. უცხოენოვან წყაროებში ქართული ურმით ფოსტის გადაზიდვა მოხსენიებულია, როგორც მსოფლიოში ფოსტის გადაზიდვის ერთ-ერთი პირველი საშუალება.
1805 წელს თბილისში გაიხსნა პირველი საფოსტო კანტორა,1826 წელს კი, ფოსტის გადასატანად 120 ცხენი გამოიყო.
უკვე 1913 წელს, საქართველოში108 საფოსტო განყოფილება ფუნქციონირებდა, მათ შორის, ქალაქების გარდა - სოფლებშიც. 1993 წლიდან კი, საქართველო მსოფლიო საფოსტო კავშირის წევრია, რამაც საშუალება მისცა საქართველოს, რომ საფოსტო გადაზიდვა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ეწარმოებინა.
დღეს საქართველოს ფოსტა 82 სერვისცენტრით არის წარმოდგენილი მთელი ქვეყნის მასშტაბით.
მსოფლიო ფოსტის დღე ყოველწლიურად 9 ოქტომბერს აღინიშნება, ამ ტრადიციას 1874 წელს შვეიცარიაში, მსოფლიოს საფოსტო კავშირის UPU-ს სხდომაზე ჩაეყარა საფუძველი. მას შემდეგ მსოფლიოს ყველა ეროვნული საფოსტო ოპერატორი აღნიშნავს ამ დღეს.
9 ოქტომბერს, პროფესიულ დღეს, ფოსტა მომხმარებლებს სთავაზობს საფოსტო ბარათების უფასო გაგზავნის სერვისს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.
ყველა წერილს სპეციალური მარკა ეკვრება ლოგოთი - ფოსტის საერთაშორისო დღე.
ამ დღეს აღნიშნავენ გორის საფოსტო განყოფილების თანამშრომლებიც და გორიდანაც, ისევე, როგორც სხვა საფოსტო განყოფილებებიდან, მარტივი გზავნილების გაგზავნა უფასოდაა შესაძლებელი. გარდა ამისა, ყველა ვიზიტორს ჩუქნიან პატარა დროშას საქართველოს ფოსტის ლოგოს გამოსახურებით.
გორის ფოსტის შენობა მდებარეობს ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, ეს შენობა სპეციალურად ფოსტისთვის გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენდა, მანამდე კი, საფოსტო განყოფილება იმჟამინდელ ლენინის ქუჩაზე (სამეფოს ქუჩა) ფუნქციონირებდა, ამჟამად კი, დროებით, გორის საფოსტო განყოფილება ცენტრალური მოედნის მეორე მხარეს, ამილახვრის ქუჩაზეა განთავსებული.