ზღვისპირა ქალაქ მარიუპოლის ბოლო მცველები - „აზოვის“ პოლკისა და 36-ე საზღვაო ბრიგადის ქვეითები უკვე 57 დღეა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის „აზოვსტალის“ კომბინატის ტერიტორიაზე არიან გამაგრებულები და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს სერიოზულ წინააღმდეგობას უწევენ. მარიუპოლის მცველებს რუსეთმა რამდენჯერმე მოსთხოვა იარაღის დაყრა და დანებება, მაგრამ ყოველ ჯერზე უარი მიიღო. უკრაინელი სამხედროების გარდა, „აზოვსტალის“ მიწისქვეშა საამქროებს თავს აფარებს მარიუპოლში ამ დრომდე დარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობაც, თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათი მდგომარეობა უმძიმესია. „აზოვსტალი“ სრულ ბლოკადაშია და პერიოდულად იბომბება.
ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი მეტალურგიული კომბინატი „აზოვსტალი“ 1933 წელს ამუშავდა და ათასობით ტონა თუჯის ჩამოსხმასთან ერთად, სატანკო ჯავშნის ფილებსაც ამზადებდა. იმჟამინდელმა საბჭოთა ხელისუფლებამ მისი აშენების ადგილი, აზოვის ზღვის სანაპირო, ნედლეულთან იოლი წვდომის გამო აარჩია. კომპლექსის საერთო ფართობი დაახლოებით 11 კვადრატული კილომეტრია და ისეთი მოცულობის ქარხანაა, ფაქტობრივად, ქალაქის მარიუპოლის ქვეშ, მეორე ქალაქია. „აზოვსტალს“ ერთ მხარეს მდინარე კალმიუსი ესაზღვრება, მეორე მხარეს კი – აზოვის ზღვა. ქარხანას თავისი სატვირთო პორტიც აქვს.
მეორე მსოფლიო ომის დროს, 1941 წლის ოქტომბრიდან 1943 წლის სექტემბრამდე, „აზოვსტალი“ გერმანელების მიერ იყო დაკავებული. თუმცა საბჭოთა მეტალურგიის გიგანტი მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების კონტროლქვეშ მოექცა. 1943 წელს, როდესაც ნაცისტური გერმანიის ჯარებმა ოკუპირებული მარიუპოლი დატოვეს, „აზოვსტალი“ მთლიანად განადგურებული იყო.
ქარხანა თავიდან ააშენეს. 1954 წელს წარმოება განახლდა და მალე „აზოვსტალი“ მეტალურგიული პროდუქციის წარმოებაში ევროპის ერთ-ერთი ლიდერი გახდა.
ომისშემდგომ პერიოდში კი „აზოვსტალის“ სერიოზული მოდერნიზაცია განხორციელდა, რომლის დროსაც გათვალისწინებული იქნა შესაძლო ბირთვული ომის საფრთხე და „აზოვსტალის“ უზარმაზარი საამქროების ქვეშ მოეწყო კარგად დაცული მიწისქვეშა საამქროებიც, რომლებსაც უნდა გაეძლოთ დიდი აფეთქებისთვის და სადაც გადატანილი იქნებოდა წარმოება, „აზოვსტალის“ ძირითადი, მიწისზედა კორპუსების დაზიანების შემთხვევაში.
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე, ქარხანაში 10 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობდა. „აზოვსტალი“ წელიწადში 4 მილიონ ტონა ნედლ ფოლადს უშვებდა.
,,აზოვსტალის“ მფლობელი უკრაინელი ბიზნესმენი, მილიარდერი რინატ ახმეტოვია, გენერალური დირექტორი კი ქართული წარმოშობის უკრაინის მოქალაქე, 61 წლის ენვერ ცქიტიშვილია.
მარიუპოლი უკრაინის ერთ-ერთი უმსხვილესი დასახლებაა, რომელიც რუსეთის კონტროლქვეშ არაა, მისი დაკავება მოსკოვს საშუალებას მისცემს, შექმნას ერთგვარი ხიდი, რომელიც მის მიერვე დაპყრობილ ყირიმთან დააკავშირებს. შესაბამისად, მარიუპოლი, გრდა იმისა, რომ მნიშვნელოვანი პორტია აზოვის ზღვაში, მას განსაკუთრებული პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს.