უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას, სულ უფრო ხშირად ისმის შედარებები მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების მიერ ჩადენილ სისასტიკესთან. რუსი ჯარისკაცების მიერ, ბუჩაში ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან პარალელები ბევრმა ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკთანაც კი გაავლო.
პოლონეთის ტერიტორიაზე, 1940 წელს, ჰაინრიხ ჰიმლერის უშუალო ბრძანებით აშენებულ ყველაზე დიდ სიკვდილის ბანაკზე „გორის მაცნე“ მოგიყვებათ.
ეს დაწესებულება მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ნაცისტური გერმანიის მიერ პოლონეთის დაპყრობის შემდეგ აშენდა. ეს იყო გერმანელების მიერ აგებული ყველაზე დიდი საკონცენტრაციო ბანაკი ქალაქ ოსვენციმის სიახლოვეს, რომელიც შედგებოდა რამდენიმე ბანაკისგან და განთავსებული იყო 500 ჰექტარზე.
ბანაკი თავდაპირველად პოლიტიკური პატიმრებისთვის იყო გათვლილი. მისი დამაარსებლის ინიციატივით, ბანაკის ტერიტორიაზე უნდა განთავსებულიყო 3-4 მილიონი ტყვე და მათგან არცერთს უნდა ეცოცხლა 6 თვეზე მეტი.
ოსვენციმში პირველად 728 ტყვე წაიყვანეს პოლონეთიდან. მათ წინაშე წარსდგა ბანაკის კომენდატი, რომელმაც მისასალმებელი სიტყვა შემდეგი წინადადებით დაასრულა: „თქვენ იმყოფებით განსაკუთრებული რეჟიმის საკონცენტრაციო ბანაკში, თავისუფლებისკენ მიმავალი ერთადერთი გზა აქედან კრემატორიუმის საკვამურზე გადის“.
ბანაკი 1945 წლამდე მოქმედებდა, არსებული ინფორმაციით, ამ პერიოდის განმავლობაში, აქ მილიონამდე ადამიანი მოკლეს. 1945 წლის 27 იანვარს საბჭოთა ჯარების მიერ მოხდა ოსვენციმის გათავისუფლება, ეს დღე ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ ითვლება. ოსვენციმი მსოფლიოში ერთადერთი საკონცენტრაციო ბანაკია, რომელიც იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობადაა აღიარებული.