კვირაცხოვლის, ენგელმანის და ბოლოს სტალინის ქუჩა - როგორია გორის ცენტრალური გამზირის სახელდების ისტორია
გორში მდებარე ენგელმანის ქუჩას, 1924 წელს, გორის მაზრის აღმასკომის პრეზიდიუმის დადგენილებით ეწოდა სტალინის ქუჩა, თუმცა, გორის არქივში დაცული დოკუმენტების მიხედვით დასტურდება, რომ სავარაუდოდ, გასაბჭოების შემდეგ დარქმეულ ენგელმანის ქუჩას, ადრე კვირაცხოვლის ქუჩა ერქვა.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში გორის არქივის სპეციალისტი ქეთევან მაჭარაშვილი წერს.
ის ფაქტი, რომ სავარაუდოდ გასაბჭოების შემდეგ დარქმეულ ენგელმანის ქუჩას ადრე კვირაცხოვლის ქუჩა ერქვა, დასტურდება გორის ეკლესიის სასულიერო პირის, დავით კავსაძის 1926 წლით დათარიღებულ წერილში.
„გორში არსებობს ძველი ქუჩა-კვირაცხოვლისა, დღევანდელი სტალინის ქუჩა (დოკუმენტი დაცულია გორის არქივში), ამ ქუჩაზე ბევრია ასანგრევი ძველი შენობა, მაგრამ ყველას თავის საგანძურით აღემატება კვირაცხოვლობის ეკლესია. დღემდე, ეს შენობა შეწყნარებულია, მისი არხეოლოგიური მნიშვნელობა არავითარ სახარბიელოს არ წარმოადგენს, ღირსება და აუცილებლი ისევ კარიბჭეზე გადებული ქვაა უძველესი წარწერით. თედო ჟორდანია, ეპისკოპოსი კირიონი და სხვა ჩვენი ისტორიკოსები ამ წარწერას ფრიად მნიშვნელოვნად აღიარებენ, ვინაიდან ჟამთა ვითარება ღრღნის ამ ქვას და წლითიწლობამდე მისი წარწერა წაიშლება და წაკითხვაც გაძნელდება ეს ქვა უნდა ჩამოღებული იქნეს და გადაგზავნილი მუზეუმში, თვით ეკლესია კი აღებული იქმნეს. ამას მოითხოვს კეთილგონიერება და თვით ქალაქის სანიტარული მდგომარეობაც“, - ნათქვამია დავით კავსაძის 15. IX 1926 წლით დათარიღებულ წერილში.
„გორის მაზრ-აღმასკომის განათლების განყოფილებამ შუამდგომლობით მიმართა განათლების კომისარიატის სიძველეთა დაცვის განყოფილებას, აღნიშნული ქვა წაღებულიყო თბილისის მუზეუმში... კვირაცხოვლის ეკლესია დაინგრა, რა ბედი ეწია ეკლესიის ისტორიული ღირებულების მქონე ქვას, ჩემთვის უცნობია. ახალგაზრდები ხშირად მომმართავენ კითხვით, გამართლებულია თუ არა გორის ცენტრალურ ქუჩას ერქვას სტალინის სახელი. კვირაცხოვლის ეკლესიის კარიბჭეზე გადებულ ქვას თუ მივაგნებთ და დავაბრუნებთ თავის ადგილზე, ალბათ გამართლებული იქნება, სტალინის ქუჩის ძველი სახელწოდების აღდგენაც ისე, რომ მთლად ბოლშევიკებს არ დავემსგავსოთ და ისტორიის წაშლა არ დავიწყოთ, რადგან გვინდა თუ არ გვინდა, სტალინის ქუჩის ისტორია მუზეუმიდან მტკვრის ხიდამდე სტალინის სახელს უკავშირდება. მგონი, არც სტალინს ,,ეწყინება" ქუჩისათვის კვირაცხოვლის სახელის აღდგენა“, - წერს სოციალურ ქსელში ქეთევან მაჭარაშვილი.