04.03.2022 14:25
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, რომელიც ჩერნობილზე 6-ჯერ მეტი სიმძლავრისაა, სოკუპაციო ძალების კონტროლირებადია - რა რისკებზე საუბრობენ ექსპერტები
უკრაინის ბირთვული რეგულირების სახელმწიფო ინსპექციის განცხადებით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიას რუსი ოკუპანტები აკონტროლებენ.
უწყების ინფორმაციით, ატომური ელექტროსადგურის დაცვაში მყოფ უკრაინელ ჯარისკაცებს შორის არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ატომური ელექტროსადგურის პერსონალი კი ოკუპანტების კონტროლის ქვეშ აგრძელებს მუშაობას, ამ დროისთვის რადიაციული ფონი ნორმაშია.
ატომური ელექტროსადგური - ელექტროსადგური, სადაც ატომური ენერგია ელექტრულ ენერგიად გარდაიქმნება. მსოფლიოში პირველი ატომური ელექტროსადგური ამუშავდა 1954 წელს, ყოფილ სსრკ-ში, მოსკოვთან ახლოს მდებარე ქალაქ ობნისკში. სამრეწველო დანიშნულების პირველი ატომური ელექტროსადგური ამუშავდა ინგლისში 1956 წელს, ერთი წლის შემდეგ კი - აშშ-ში.
ატომური ელექტროსადგურის მთავარი დანადგარია ენერგეტიკის ბირთვული რეაქტორი.
რაც შეეხება უკრაინაში არსებულ კიდევ ერთ ელექტროსადგურს, რომელიც კიევიდან 110 კმ-ში, ბელარუს-უკრაინის საზღვრიდან 11 კილომეტრში, დნეპრის მარჯვენა შენაკად პრიპიატის ნაპირზე მდებარეობს, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური 1986 წელს მომხდარი კატასტროფის შემდეგ უმოქმედოა.
რაც შეეხება ზაპოროჟიეს ელექტროსადგურს, ზაპოროჟიე ჩერნობილზე 6-ჯერ მეტი სიმძლავრისაა და აქ ამჟამად 6 ბლოკი მუშაობს (ჯამურად 6 ათასი მეგავატი სიმძლავრე).
ექსპერტ-ენერგეტიკოსების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ატომურ ელექტროსადგურებს დაცვის უამრავი მექანიზმი აქვთ, ატომურ ელექტროსადგურ-ზე ნებისმიერი ინციდენტი კატასტროფულად საშიშია, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში აფეთქება რომ მოხდეს და ექვსივე ბლოკი აფეთქდეს, მთელი ევროპა კატასტროფული შედეგების წინაშე აღმოჩნდება.
ექსპერტების თქმით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ჰერმეტულობის დარღვევის შემთხვევაში, სიტუაციაზე, მათ შორის ქარის მიმართულებაზე იქნება დამოკიდებული, ზიანი მიადგება თუ არა საქართველოს.