როგორ გავყინოთ ზამთრისთვის ხილი და ბოსტნეული ისე რომ სასარგებლო თვისებები არ დაკარგოს
ყველა დიასახლისმა იცის, რამდენად პრაქტიკული და სასარგებლოა ზამთრისთვის გაყინული ხილი თუ ბოსტნეული, თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ პროდუქტების გაყინვის დროს, რამდენიმე აუცილებელი ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო, რათა ხილ-ბოსტნეული სწორად გაიყინოს და მაქსიმალურად შეუნარჩუნდეს პროდუქტს როგორც სასარგებლო თვისებები, ასევე სტრუქტურა.
GMnews-ი გთავაზობთ რჩევებს, როგორ გავყინოთ ზამთრისთვის ხილი და ბოსტნეული იმგვარად, რომ სასარგებლო თვისებები არ დაკარგოს.
გაითვალისწინეთ: პრუდუქტის გასაყინად საუკეთესო ტემპერატურა -18-დან -23 გრადუსამდეა. ამ ტემპერატურაზე ხილი თუ ბოსტნეული გაცილებით უკეთ იყინება და ხანგრძლივადაც, პრაქტიკულად მომდევნო მოსავლამდე ინახება (8-დან 12 თვემდე). პროდუქტის გაყინვა ასევე შესაძლებელია 0-დან - 8 გრადუს ტემპერატურაზე, მაგრამ ამ შემთხვევაში გაყინული პრდუქტის ვარგისიანობის ვადა გაცილებით მცირეა. მისი გამოყენება დაშვებულია მხოლოდ 3 თვის მანძილზე.
იმის გათვალისწინებით, რომ გაყინული პროდუქტის გალღობის შემდეგ მისი ხელმეორედ გაყინვა არ არის რეკომენდებული, რამდენადაც კარგავს ვიტამინებსა და სასარგებლო თვისებებს, უმჯობესია, პროდუქტი გაიყინოს ისეთი ზომის ულუფებად, რომელთა გამოყენებასაც პირველივე გალღობისას მთლიანად შეძლებთ. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მცირე ზომის ულუფები გაცილებით სწრაფად, ხარისხიანად იყინება და ინახება.
პროდუქტი, რომლის გაყინვასაც გეგმავთ, აუცილებელია, იყოს ახალი, საღი და ბოლომდე დამწიფებული;
გაყინული პროდუქტის გალღობის შემდეგ მათი გარეცხვა არ არის რეკომენდებული, ამიტომ, სანამ გაყინვას დაიწყებთ, საფუძვლიანად გარეცხეთ და გააშრეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაყინული პროდუქტი შეეწებება ერთმანეთს და დაკარგავს ფორმას. ხილ-ბოსტნეულის გაშრობა შეგიძლიათ საწურზე დაწრეტით, სუფთა ტილოზე ან სამზარეულოს ქაღალდზე დაწყობით; ბოსტნეულის უმეტესობა გაყინვამდე ბლანშირებას (მცირე რაოდენობის წყალში მოთუშვა) საჭიროებს. ბლანშირების ხანგრძლივობის დრო ბოსტნეულის სახეობის მიხედვით იცვლება (ყვავილედებად დანაწევრებული ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო - 3 წუთი, სტაფილო - 3-5 წუთი, ისპანახი - 3 წუთი, დატეხილი მწვანე ლობიო - 3 წუთი, ყაბაყი - 30 წამი)
გამღვალი პროდუქტი სწრაფადვე გამოიყენეთ. ნუ დატოვებთ მას 2 დღეზე მეტხანს, თუნდაც მაცივარში;
რაც შეეხება ხილსა და მწვანილს, კარგად გარეცხვისა და საფუძვლიანი გაშრობის შემდეგ ხილი დაალაგეთ დაფაზე და შედგით საყინულეში. მას შემდეგ, რაც იგი კარგად გაიყინება, გამოიღეთ საყინულედან, მოათავსეთ პოლიეთილენის პაკეტებში, გამოუშვით ზედმეტი ჰაერი, მოუკარით მჭიდროდ თავი და დააბრუნეთ საყინულეში ახლა უკვე ხანგრძლივი შენახვისთვის. დიდი ზომის კურკის მქონე ხილი უმჯობესია უკურკოდ, ხოლო პატარა კურკის შემთხვევაში იგი გამოცლას არ საჭიროებს. რაც შეეხება ხილის იმ კატეგორიას, რომელიც წვრილი კურკით გამოირჩევა (მსხალი, კომში) სასურველია, გაფცქვნათ, დაჭრათ და ისე გაყინოთ, თუმცა მსგავსი სახით გაყინვისას შეიძლება ხილმა შეიცვალოს ფერი და გამუქდეს. ასეთი რეაქციის თავიდან აცილების მიზნით გაყინვის წინ დაჭრილ ხილს შეგიძლიათ შაქარი მოაყაროთ ან ლიმონის წვენი მოასხათ.
გარეცხილი და გამშრალი მწვანილი (ქინძი, ოხრახუში, ნიახური, კამა...) კი, დაჭერით წვრილად, პატარა, მუჭისოდენა ულუფებად, ჩაალაგეთ პოლიეთილენის პაკეტებში და გაყინეთ.