
4 ოქტომბერს გამართული თვითმმართველობის არჩევნებში გორის #32 ოლქში გამარჯვებული მერობის კანდიდატი კონსტანტინე ბუზალაძე გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა, ამის შესახებ ბუზალაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე წერს და ამომრჩეველს და თანაგუნდელებს მადლობას უხდის.
„მერის უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად შევუდექი. მადლობას ვუხდი „ქართული ოცნების“ გუნდს და ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ თითოეულ მოქალაქეს, ყველას, ვინც ნდობა გამომიცხადა და მხარი დამიჭირა.
ეს ნდობა ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა როგორც თქვენი, ისე ჩვენი ქვეყნის წინაშე.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩემს გუნდს, ეს წარმატება მათი თავდაუზოგავი შრომის შედეგია.
ჩვენ ერთად ვიქნებით ხალხის და ქვეყნის სამსახურში, რათა შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც თითოეულ ადამიანს ექნება ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა.
ერთად ვიზრუნებთ ჩვენი შვილების უკეთეს, მშვიდობიან და ბედნიერ მომავალზე", - წერს კონსტანტინე ბუზალაძე.
შეგახსენებთ, კონსტანტინე ბუზალაძემ („ქართული ოცნება") ამომრჩეველთა ხმების 87.02 % (26 380 ხმა) მიიღო, ნიკოლოზ დოლიაშვილმა („ძლიერი საქართველო - ლელო") კი - 12.98% (3 935 ხმა).