რჩევები
15.07.2021 15:18
რა უნდა იცოდეთ თუ შვებულების გატარებას სხვა ქვეყანაში გეგმავთ - რომელი სახელმწიფო რა რეგულაციის დაცვას მოითხოვს

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს არაერთი ქვეყანა, ვირუსის მასობრივი გავრცელების გამო, ხელახალი შეზღუდვების დაწესებას არ გამორიცხავს, ზაფხული და შვებულების სეზონი მაინც ყველა ადამიანისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდია. საქართველოში, ბოლო წლებში გამოკვეთილი ტენდენცია - უქმე დღეების სხვა ქვეყანაში გატარება - წელსაც აქტუალურია. გასულ ზაფხულს თუ მსოფლიოს თითქმის ყველა ტურისტული ქვეყანა „ლოქდაუნის“ რეჟიმში იყო, წელს ასეთი მკაცრი შეზღუდვები აღარ მოქმედებს. GMnews შეეცადა გაერკვია, შესაძლებელია თუ არა საქართველოს მოქალაქეებისთვის შვებულების სხვა ქვეყანაში გატარება კოვიდპანდემიის ფონზე და რომელი სახელმწიფო რა რეგულაციის დაცვას მოითხოვს ვიზიტორისგან.

ბოლო პერიოდში, ქართველები ძირითადად ანტალიის, კვიპროსის, დუბაის მიმართულებით ჯავშნიან ტურისტულ მარშრუტებს.

წელს თუ დუბაიში დასვენებას გეგმავთ, გეტყვით, რომ საქართველოდან არაბთა გაერთიანებულ საემიროებში მგზავრობა დაშვებულია. საქართველოს მოქალაქეებისთვის მხოლოდ აბუ-დაბის საამიროში მოქმედებს სავალდებულო 10 დღიანი კარანტინი. საზღვრის კვეთისას სავალდებულოა გამგზავრებამდე 72 სთ-ის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენა. ამავდროულად, საამიროებში ჩასვლისას, საიმიგრაციო კონტროლის გავლის შემდგომ აეროპორტში ხდება სავალდებულო PCR ტესტის ჩატარება, რომლის ხარჯსაც ადგილობრივი (საამიროების) მხარე დაფარავს. 12 წლამდე პირს არ მოეთხოვება PCR ტესტი. ამასთან, მოქალაქეს ხელზე უმაგრდება სპეციალური სამაჯური. მე-6 და მე-12 დღეს სავალდებულოა PCR ტესტის ჩატარება. ცნობისთვის, PCR ტესტის საფასური დაახლოებით 65 ლარს შეადგენს აბუ-დაბიში.

დუბაიში PCR ტესტის ღირებულება 150 ლარამდეა და მის საფასურს ვიზიტორი თავად ფარავს. რაც შეეხება საკარანტინო პერიოდს, მისი გავლა შესაძლებელია საკუთარ ბინაშიც, სპეციალიზებულ დაწესებულებაშიც, სასტუმროშიც. დაახლოებით ღირებულებაა დღე 150 ლარი, რომლის ხარჯიც მოქალაქემ უნდა გაიღოს.

თუ თქვენი საოცნებო შვებულება კვიპროსის ცხელ სანაპიროზე გსურთ გაატაროთ, გეტყვით, რომ ამ სახელმწიოში მოხვედრა 2021 წლის 10 მაისიდან, საქართველოს მხოლოდ იმ მოქალაქეს შეუძლია, რომელსაც ჩატარებული აქვს კოვიდვაქცინის სრული კურსი - Pfizer/BioNTech, AstraZeneca, Moderna, Janssen/Johnson &Johnson, Sputnik V, Chinese Sinopharm vaccine, Sinovac (CoronaVac) Vaccine. ვაქცინირებულ პირებს კვიპროსში შესასვლელად არ ესაჭიროებათ PCR ტესტის წარდგენა, თუმცა შერჩევითობის საფუძველზე, შესაძლებელია ლარნაკას აეროპორტში სახელმწიფოს ხარჯზე ჩაუტარდეს Covid 19-ის ტესტი. საზღვრის კვეთისას სავალდებულოა ვაქცინის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა (ე.წ. COVID-19 ბარათი, QR კოდით).

თუმცა, კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს მოქალაქეების გამგზავრება დაშვებულია კოვიდვაქცინის გარეშეც შემდეგი პირობით: გაფრენამდე 24 საათის განმავლობაში უნდა შეივსოს ე.წ. Cyprus Travel Pass Cyprus Flight Pass - Home; საზღვარზე სავალდებულოა გამგზავრებამდე 72 საათით ადრე ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობის წარდგენა, ხოლო კვიპროსში ჩასვლისთანავე, ლარნაკას საერთაშორისო აეროპორტში, საკუთარი ხარჯებით (30 ევრო), განმეორებით PCR ტესტის ჩატარება და ერთი დღით, მოქალაქის მიერ წინასწარ შერჩეულ მისამართზე, თვითიზოლაციაში გადასვლა, PCR ტესტის პასუხამდე (12 წლის ასაკიდან პირებისთვის).

თუ შვებულების გატარებას ანტალიაში (ან თურქეთის ნებისმიერ კურორტზე) გეგმავთ, საქართველოს მოქალაქეს შეუძლია თურქეთის რესპუბლიკაში გამგზავრება ნებისმიერი მიზნით, თუმცა, საზღვრის კვეთისას სავალდებულოა შემდეგი დოკუმენტებიდან ერთ-ერთის წარდგენა: კოვიდ-ვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაქცინის ბოლო დოზიდან გასული უნდა იყოს 14 დღე); ბოლო 6 თვის განმავლობაში COVID 19-ით ინფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტი; გამგზავრებამდე უკანასკნელი 48 საათის განმავლობაში ჩატარებული სწრაფი ტესტი ან 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი შედეგის დამადასტურებელი დოკუმენტი (სავალდებულოა 6 წლის ასაკიდან).

რაც შეეხება ევროპის ქვეყნებს, გეტყვით, რომ ტურისტული თვალსაზრისით ყველაზე მოთხოვნადი იტალიაა, თუმცა, ქვეყანაში ტურისტული მიზნით საქართველოს მოქალაქეების ვიზიტი არ არის დაშვებული. საქართველო იმყოფება E კატეგორიის ქვეყნების სიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოდან იტალიაში მიმავალი მგზავრი დასაბუთებული მიზეზის გარეშე ვერ შევა იტალიის ტერიტორიაზე. დასაბუთებული მიზეზი შეიძლება იყოს: სამუშაო; მკურნალობა ან სწავლა; გადაუდებელი აუცილებლობა; სამშობლოში ან მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება (იტალიის მოქალაქე ან მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირი).

თუკი საფრანგეთში გეგმავთ გამგზავრებას, საფრანგეთში კოვიდვაქცინირებულთა შესვლის პირობები დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ზონაშია ქვეყანა მოქცეული. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო მიეკუთვნება ნარინჯისფერ ზონას, ვაქცინირებული პირები საფრანგეთში შედიან ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტის და PCR (72 სთ) ან ანტიგენზე დაფუძნებული (48 სთ) ტესტის პასუხის წარდგენის საფუძველზე, შესაბამისად. საზღვრის კვეთისას სავალდებულოა ვაქცინის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა (ე.წ. COVID-19 ბარათი, QR კოდით); ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ან ბოლო 48 საათში ჩატარებული ანტიგენზე დაფუძნებული ტესტის პასუხები. ამასთან, ვაქცინის მეორე დოზის გაკეთებიდან გასული უნდა იყოს 2 კვირა მაინც. რაც შეეხება, ერთ დოზიან ვაქცინას Janssen (Johnson&Johnson), მისი გაკეთებიდან უნდა იყოს გასული 4 კვირა. 11 წლამდე პირებზე არ ვრცელდება ტესტის წარდგენის ვალდებულება. ცნობისთვის, ვაქცინირებულის ცნება გულისხმობს EMA-ს მიერ აღიარებულ ვაქცინებს: Pfizer, Moderna, AstraZeneca, Janssen (Johnson&Johnson).

თუ გერმანიაში წასვლა გაქვთ დაგეგმილი, გეტყვით, რომ ქვეყანაში შესვლა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ჩატარებული აქვს კოვიდვაქცინის სრული კურსი - დაშვებული ვაქცინებია Pfizer-BioTech, AstraZeneca, Moderna, Janssen (J&J). როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 25 ივნისიდან, საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში გამგზავრება შეუძლიათ ნებისმიერი მიზნით, მათ შორის ტურისტული მიზნითაც. ვაქცინაციის ბოლო დოზის ჩატარებიდან გასული უნდა იყოს 14 დღე. კოვიდვაქცინირებულს ნებისმიერი მიზნით შეუძლია გერმანიაში შესვლა, გარდა ე.წ. მუტაციური ვირუსის გავრცელების ქვეყნებიდან შემოსული პირებისა.

ცნობისთვის, გერმანიაში შესასვლელად PCR/სწრაფი ტესტის წარდგენა სავალდებულო არ არის; არც აეროპორტშიხორციელდება PCR/სწრაფი ტესტის ჩატარება და ასევე, სავალდებულო არ არის იზოლაცია/კარანტინი.

პ.ს. გაითვალისწინეთ, რომ მგზავრობის რეგულაციები პანდემიის პერიოდში სწრაფად იცვლება. ამიტომ, სხვა ქვეყანაში გამგზავრებამდე აუცილებლად გადაამოწმეთ ბოლო ინფორმაცია.

კვირის ამბები