რჩევები
22.10.2020 13:55
წესები რომლებიც ბინაზე მყოფმა კოვიდპაციენტმა და მომვლელმა უნდა დაიცვას
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროტოკოლით, ბინაზე დასაშვებია კორონავირუსული ინფექციის მსუბუქი შემთხვევების მართვა. როგორ უნდა იმართოს დაავადება და წესები რომლებიც ბინაზე მყოფმა კოვიდპაციენტმა და მომვლელმა უნდა დაიცვას - რჩევებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით GMnews-ის მიერ მომზადებულ სტატიაში ამოიკითხავთ.
ვინაიდან კოვიდ19-ის სპეციფიკური ეფექტური მკურნალობა ჯერჯერობით არ არსებობს, კოვიდპაციენტის ბინაზე მართვა მოიცავს დამხმარე სიმპტომურ თერაპიას. პროტოკოლში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ სახლში კონკრეტული პაციენტების მოვლა შეიძლება დაშვებული იყოს მსუბუქი ავადმყოფობის შემთხვევაში.
პაციენტთა ბინაზე მკურნალობის გადაწყვეტილების შემთხვევაში, პაციენტის მდგომარეობის მართვა რეკომენდებულია ინფექციონისტებთან და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებთან კონსულტაციით. თუ კორონავირუსის სიმპტომები გაუარესდა, მდგომარეობა შეიძლება ძალიან სწრაფად დამძიმდეს, ამიტომ საჭიროა სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია.
ბინაზე მკურნალობის პერიოდში, მანამ, სანამ პაციენტის სიმპტომები სრულად არ ალაგდება, რეკომენდებულია უწყვეტი კომუნიკაცია პაციენტს, სამედიცინო პერსონალსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებს შორის.
როგორ უნდა მოვუაროთ ბინაზე კოვიდინფიცირებულს
პროტოკოლში გაწერილია რჩევები კოვიდინფიცირებულების მომვლელთათვის. პირველი, რაც უნდა გაითვალისწინოთ, აუცილებელია დაიცვათ საკუთარი თავი ინფიცირებისგან.
კოვიდ19 ვრცელდება რესპირაციული წვეთების მეშვეობით, როდესაც ინფიცირებული საუბრობს, ახველებს ან აცემინებს, მჭიდრო კონტაქტში (დაახლოებით 2 მეტრზე ახლოს) მყოფ პირებს შორის.
ის, ვინც კოვიდინფიცირებულს უვლის, სასურველია არ იყოს კორონავირუსის მძიმე ფორმის განვითარების მაღალი რისკის ჯგუფში.
კოვიდინფიცირებულის მომვლელმა უნდა გამოიყენოს იზოლირებული საძინებელი და საპირფარეშო.
თუ შესაძლებელია, შეეცადეთ, რომ დაავადებული პირი დარჩეს მისთვის გამოყოფილ ოთახში, სხვებისგან მოშორებით. ასევე შესაძლებლობის შემთხვევაში, ინფიცირებული უნდა სარგებლობდეს განცალკევებული სააბაზანოთი.
იმ შემთხვევაში, თუ გიწევთ საზიარო ფართობის გამოყენება, აუცილებელია ოთახი კარგად ნიავდებოდეს. მოერიდეთ სტუმრების მიღებას. საკვები მიირთვით განცალკევებულ ოთახში ან სივრცეში.
სასურველია ინფიცირებული პირი იკვებებოდეს თავის ოთახში. ჭურჭლისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების გარეცხვისას კი იხმარეთ ხელთათმანები და ცხელი წყალი.
ინფიცირებული პირის მიერ გამოყენებულ ნებისმიერ ჭურჭელს, ჭიქას ან ვერცხლის ნივთებს არ უნდა შეეხოთ ხელთათმანის გარეშე. გარეცხეთ ჭურჭელი საპნისა და ცხელი წყლის გამოყენებით, ან ჭურჭლის სარეცხ მანქანაში. ხელთათმანების მოხსნის ან ნახმარი ჭურჭლის შეხების შემდეგ დაიბანეთ ხელები.
მოერიდეთ ინფიცირებულთან პირადი ნივთების გაზიარებას. არ გამოიყენოთ ინფიცირებულის ჭურჭელი, თეთრეული ან ელექტრონული მოწყობილობები – ტელეფონი ან პლანშეტი.
ინფიცირებულმა პირმა სახის ნიღაბი უნდა ატაროს სხვა პირების გარემოცვაში როგორც გარეთ, ისე შინ (მათ შორის, სამედიცინო დაწესებულებაში). სახის ნიღაბი ხელს უშლის ინფიცირებულ პირის მიერ ვირუსის გავრცელებას. ნიღაბი აგროვებს რესპირაციულ წვეთებს და ხელს უშლის მათ გადაცემას ირგვლივ მყოფ პირებზე.
დაავადების თავიდან აცილების მიზნით ყოველდღიურად ჩაატარეთ პრევენციული ზომები: ხშირად დაიბანეთ ხელები, მოერიდეთ თვალების, პირის და ცხვირის შეხებას დაუბანელი ხელებით. ხშირად ჩაატარეთ ზედაპირების დეზინფექცია.
ყოველდღიურად უნდა დამუშავდეს მაგიდები, კარების სახელურები, სინათლის ჩამრთველები, საწერი მაგიდები, ტუალეტები, ონკანები, ნიჟარები და ელექტროხელსაწყოები. და რაც ყველაზე მთავარია, ინფიცირებული პირის მომვლელმა და მჭიდრო კონტაქტში მყოფმა პირებმა თვალყური უნდა ადევნონ საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობას კოვიდ19-ზე საეჭვო სიმპტომების თვალსაზრისით.
კვირის ამბები