,,ერთიანი კომუნისტური პარტიის“ გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ალეკო ლურსმანაშვილის განცხადებით, სტალინის ძეგლის დადგმის მოთხოვნით აქციები გორში დღეიდან დაიწყება. მისივე თქმით, პირველ ეტაპზე აქციებში ორი ორგანიზაცია ჩაერთვება - ,,ერთიანი კომუნისტური პარტია“ და ,,მეგობრობა და სამართლიანობა“. დაანონსებული აქციების ინიციატორები ძეგლის დადგმას მის პირვანდელ ადგილზე - გორის ცენტრალურ მოედანზე ან მუზეუმის მიმდებარე სკვერში, რამდენიმე წლის წინ მოწყობილ პიედესტალზე ითხოვენ.
სტალინის ძეგლი, რომლის დემონტაჟიც 2010 წლის 25 ივნისს განხორციელდა, ამჟამად გორთან ახლოს, ერთ-ერთ კერძო ტერიტორიაზეა ღია ცის ქვეშ დასაწყობებული.
სტალინის ძეგლი გორის ცენტრალურ მოედანზე იოსებ ჯუღაშვილის სიცოცხლეში, 1952 წელს გაიხსნა. აღნიშნულ ძეგლში სტალინი მთელი ტანით არის წარმოდგენილი და სამხედრო ტანსაცმელი აცვია.
მოქანდაკე შოთა მიქატაძეა, არქიტექტორები კი - ზაქარია და არჩილ ქურდიანები. ბრინჯაოს ექვსმეტრიანი ქანდაკება გორის ცენტრში, სტალინის ქუჩაზე გრანიტის ცხრამეტრიან სამიარუსიან კვარცხლბეკზე იდგა, რომელიც ამავდროულად ტრიბუნის ფუნქციასაც ასრულებდა.