დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს. სპეციალისტების თქმით, მაღალი ტემპერატურა განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისათვის, მოხუცების და ქრონიკული დაავადების მქონე პირებისათვის.
რეკომენდაციების თანახმად, ნებისმიერი მოულოდნელი ცვლილება, როგორიც შეიძლება იყოს ადრეული ზაფხულის მაღალი ტემპერატურის ტალღა, ბავშვის ორგანიზმისთვის შესაძლოა, გახდეს სტრესის მიზეზი. ამასთან, ძლიერმა სიცხემ ბავშვებში შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა ფორმის დაავადებები. მაგალითად, დეჰიდრატაცია, ორგანიზმის გამოფიტვა, კრუნჩხვითი მოვლენები, სისხლის მიმოქცევის მოშლა.
„გორის მაცნე“ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ რეკომენდაციებს უცვლელად გთავაზობთ:
თუ გაქვთ ქრონიკული დაავადება, ან ერთდროულად რამდენიმე მედიკამენტს იღებთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, მედიკამენტების დოზისა და მიღების ჯერადობის შესახებ;
მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, გარდა ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინის შემცველი სასმელებისა;
საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფებით. მოერიდეთ ცილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებს;
თუ მედიკამენტს იღებთ, შეინახეთ იგი 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ან - მაცივარში (შენახვის წესები წაიკითხეთ ინსტრუქციაში);
გაითვალისწინეთ, ძლიერი ოფლიანობის დროს, ორგანიზმიდან შეიძლება გამოიდევნოს მარილი და მინერალები. ჰკითხეთ ექიმს, როგორ აღადგინოთ მათი ბალანსი უსაფრთხოდ;
შეეცადეთ, საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე. დღისით, ოთახის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 32°C-ს, ღამით კი 24°C-ს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რისკის ჯგუფებისთვის, მათ შორის ბავშვების და 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის; აგრეთვე, ქრონიკული დაავადებების მქონე პირთათვის.
შეეცადეთ, საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე. დღისით, დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები და დარაბები, განსაკუთრებით მზის მხარეს. ღამით გააღეთ ფანჯრები და ღია დატოვეთ დილამდე (თუ ეს სახიფათო არ არის), აგრილებამდე;
თუ იგრძენით თავბრუსხვევა, სისუსტე, შფოთვა, ძლიერი წყურვილი, ან თავის ტკივილი, მოთავსდით გრილ ადგილას და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.