საქართველოში ფუტკრის დაავადება ტროპილელაფსოზის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ინტენსიური ღონისძიებების განხორციელების უზრუნველსაყოფად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით, სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.
უწყების ინფორმაციით, ჯგუფი შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების, სამეცნიერო წრეების, ასოციაციების და კერძო მეფუტკრეების ჩართულობით იმუშავებს.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა თენგიზ კალანდაძემ აღნიშნა, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, ერთობლივად დაგეგმავენ და განახორციელებენ ღონისძიებებს, რომლებიც დაავადების ეფექტიან მართვას, მათ შორის, გავრცელების მინიმიზაციას ისახავს მიზნად.
მეფუტკრე-ფერმერების თქმით, დაავადების მართვის მთავარ გამოწვევად მისი დროული აღმოჩენა რჩება.
„გასული წლის გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ტროპილელაფსოზი მართვადია, თუ მეფუტკრეები მას დროულად აღმოაჩენენ, ერთს მაინც თუ გამოავლენენ, ჩათვალეთ, რომ პრობლემა აღარ არის, რადგან ჩვენს ხელთ არსებული ზოოტექნიკური, ქიმიური და ბიოლოგიური საშუალებებით თავისუფლად შეგვიძლია პროცესი ვმართოთ“, - აცხადებენ მეფუტკრეები.
ცნობისთვის, დაავადების იდენტიფიკაციის, მართვის სტრატეგიების და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ საინფორმაციო მასალები მეფუტკრეებს უკვე დაურიგდათ.