კულტურა
07.04.2025 14:48
ქორეოგრაფთა კავშირის შიდა ქართლის რეგიონული ორგანიზაციის ინიციატივით, გორში ილიკო სუხიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

გორში, ილიკო სუხიშვილის დაბადებიდან 118-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

კულტურულ-შემეცნებითი აქტივობა ქორეოგრაფთა კავშირის შიდა ქართლის რეგიონული ორგანიზაციის (თავმჯდომარე გია ჭულუხაძე) ინიციატივით გაიმართა და საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის თავჯდომარე კახაბერ მარკოიშვილი, მოადგილე გოჩა გრძელიშვილი, ცნობილი ქორეოგრაფი ომარ ხუბაევი, ქორეოგრაფები: გიორგი კაკაშვილი (ანსამბლი „ქართა"), სოსო ღვინიაშვილი, დავით ტაბატაძე (ანსამბლი „ალიონი"), უშო ცაცებაშვილი (ანსამბლი „შატროვანი"), ელენე რატიანი (ანსამბლი „ფრესკა"), ნიკოლოზ ქოქაშვილი (ანსამბლი „როკვა“) და ვახტანგ ბართია (ანსამბლი „ქარელი“) ესწრებოდნენ. ღონისძიებაში გორში არსებული ანსამბლები: „სამება“ (ქორეოგრაფი სოსო გურგენაშვილი), „ჩვენი შვილები“ (ქორეოგრაფი სიმონ ძინძიბაძე), „ჯაფარა“ (ქორეოგრაფი ნათე პაპუაშვილი), „სიონი“ (ქორეოგრაფები ბაჩო მამუკაშვილი და ბექა ჯაბახიძე), „ლაშარი“ (ქორეოგრაფები ნათია ნალიყაშვილი და ლაშა ჭულუხაძე) მონაწილეობდნენ.

მოცეკვავეებმა მსვლელობით პატივი მიაგეს ღვაწლმოსილი ქორეოგრაფის ხსოვნას და ყვავილებით შეამკეს ილიკო სუხიშვილის ბიუსტი.

როგორც „გორის მაცნესთან“ ანსამბლ „სამებას“ ხელმძღვანელმა სოსო გურგენაშვილმა აღნიშნა, მსგავსი სახის ღონისძიებების მიზანი ახალგაზრდა თაობაში ქართული კულტურის პოპულარიზაცია და დაინტერესებაა.

„ეს დღეც იმის დასტურია, რომ არ უნდა დავივიწყოთ დიდი ადამიანები, ისინი, ვინც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ქართული კულტურის, ქორეოგრაფიის განვითარების გზაზე. მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ დიდი წინაპრების გაწეული ღვაწლის და დამსახურების შესახებ.

აღნიშნული ღონისძიებაც ქართული ცეკვის, ქართული კულტურის პოპულარიზაციას და მომავალი თაობებისთვის მდიდარი ისტორიის გაცნობას ემსახურებოდა“, - აღნიშნა სოსო გურგენაშვილმა.

შეგახსენებთ, ილიკო სუხიშვილი დაიბადა 1907 წლის 4 აპრილს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში.

მის შემოქმედებით ბიოგრაფიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია 1945 წელს, როდესაც მან, ნინო რამიშვილთან ერთად, საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლს, რომელმაც მსოფლიოს გააცნო ქართველი ერის უძველესი და უმდიდრესი ისტორია და კულტურა.

ილიკო სუხიშვილი ორმოცდაათ წელზე მეტ ხანს ემსახურა საქართველოს ქორეოგრაფიული ცხოვრების აღორძინების საქმეს. ქართული ხალხური ქორეოგრაფიის განვითარების საქმეში უდიდესი ღვაწლის, ეროვნული კულტურის დაუღალავი პროპაგანდისთვის მრავალი საპატიო წოდების და ჯილდოს მფლობელი გახდა.

სუხიშვილი გარდაიცვალა 1985 წლის 24 მარტს. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

კვირის ამბები