საზოგადოება
09.03.2020 22:54
რას ითვალისწინებს სისხლის სამართლის კოდექსი საშიში ინფექციის სხვა პირისთვის შეყრისთვის

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 132-ე მუხლის თანახმად, მოქალაქის მიერ სხვა პირისთვის განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრა დასჯადია და ითვალისწინებს ფულად სანქციას, გამასწორებელ სამუშაოს ვადით ექვს თვემდე, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისში, GMnews-თან საუბრისას აღნიშნეს, რომ ზემოხსენებული მუხლი სავსებით ესადაგება კორონავირუსის შემთხვევებს და მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

„თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის გავრცელების საზღვრებს პანდემიის კვალიფიკაცია მიანიჭა და ეს ვირუსი საქართველოშიც დაფიქსირდა, უნდა ითქვას, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 132-ე მუხლით გათვალისწინებული რეგულაციები ამ შემთხვევაშიც გავრცელდება. თუ კონკრეტულ პირს დაუდგინდა ვირუსული ინფექცია და იგი, ასე ვთქვათ, გულგრილობას იჩენს სხვა მოქალაქეების მიმართ, არ იმყოფება თვითიზოლაციაში და საფრთხეს უქმნის საზოგადოებას, ეს უკვე არის სისხლის სამართლის საქმისწარმოების დაწყების საფუძველი, თუმცა, ნამდვილად არ ნიშნავს, რომ ეს პირი პასუხისგებაში მიეცემა. ამავდროულად, გეტყვით, რომ მე, პირადად, არ მახსენდება 132-ე მუხლით მოქალაქის მიმართ საქმისწარმოების კონკრეტული შემთხვევა. ვფიქრობ, ამის პრაქტიკა საქართველოში არ გვაქვს, ან იმდენად დაბალია მაჩვენებელი, რომ ჩვენთვის, იურისტებისთვის, ცნობილი არ არის კონკრეტული ქეისები“, - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის სისხლის სამართლის იურისტმა რევაზ რევაზაშვილმა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 132-ე მუხლის თანახმად, პირის მიერ - 1) სხვისთვის განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრის საფრთხის შექმნა – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე;

2) სხვისთვის განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შეყრა – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე;

3) ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) ორი ან მეტი პირის მიმართ; ბ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის ან არასრულწლოვნის მიმართ – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე.

კვირის ამბები