საზოგადოება
24.08.2026 10:15
სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის პროგრამაში მთავრობამ ცვლილება შეიტანა - ვინ მიიღებს სასკოლო ფორმას უფასოდ
სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის მიზნობრივ პროგრამაში საქართველოს მთავრობამ ცვლილება შეიტანა.
ცვლილების თანახმად, საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების უფასო სასკოლო ფორმებით უზრუნველყოფის არეალი გაფართოვდა.

მთავრობის 21 აგვისტოს №406 დადგენილებას ხელს პრემიერ-მინისტრი აწერს.

მიზნობრივ პროგრამაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, პროგრამით ისარგებლებენ მრავალშვილიანი სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილებიც.

დოკუმენტის ახალი რედაქციით, პროგრამას დაემატნენ მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი შვილი) მშობლის სტატუსის მქონე მშობლების შვილები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა კი 65 000-ზე მეტი და 120 001-ზე ნაკლებია.

დადგენილების მიხედვით, ბენეფიციართა იდენტიფიცირებას ახორციელებს სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS) - სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან ელექტრონული მონაცემთა ცვლის საფუძველზე. გადამოწმებული მონაცემები ფორმების მიწოდების უზრუნველსაყოფად შპს ,,საგანმანათლებლო რესურსებს“ ყოველწლიურად, არაუგვიანეს 27 აგვისტოსა გადაეცემა.

პროგრამის დაფინანსება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის გამოყოფილი სახელმწიფო საბიუჯეტო ასიგნებებიდან ხორციელდება.

პროგრამის საბოლო რედაქციით ვინ მიიღებს სასკოლო ფორმას უფასოდ?

სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ 3 აგვისტოს გამოცემული დადგენილების თანახმად, განისაზღვრა ბავშვების ექვსი კატეგორია, რომლებიც სასკოლო ფორმებს უფასოდ მიიღებენ.

სასკოლო ფორმის ტანსაცმელი უსასყიდლოდ გადაეცემათ საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის იმ მოსწავლეებს, რომლებიც:
ა) რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65001 ქულაზე ნაკლებია;
ბ) ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში;
გ) განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში;
დ) ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში;
ე) განთავსებულნი არიან თბილისის ბავშვთა სახლში;
ვ) 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად, ვერ ახერხებენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და ჩარიცხულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში.
 
პროგრამის ბენეფიციარებს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, უსასყიდლოდ გადაეცემათ დადგენილი ნიმუშის სასკოლო ფორმის ტანსაცმელი.

სასკოლო ფორმის ტანსაცმელი შედგება: ბიჭისთვის − 1 პიჯაკისა და 2 შარვლისაგან; გოგოსთვის − 1 პიჯაკის, 1 შარვლისა და 1 ქვედაკაბისაგან.

აქვე შეგახსენებთ ფორმების ფასს იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც აღნიშნული პროგრამით უფასოდ ვერ ისარგებლებენ. როგორც გოგონებისთვის, ასევე ბიჭებისთვის პიჯაკის ფასი 45 ლარი, ხოლო შარვლის 25 ლარი იქნება. ამასთან, მოკლე ქვედაკაბის ფასი 25 ლარით განისაზღვრა, 25 ლარი ეღირება გრძელი ქვედაკაბაც.

ინფორმაციისთვის, ცნობილია შიდა ქართლის ის ადგილები, სადაც სასკოლო ფორმები გაიყიდება. იხ. ბმულზე:
https://www.gmnews.ge/geo/15292

კვირის ამბები