მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა მოსწავლეთა ექვსი კატეგორია, რომლებიც სასკოლო ფორმებს უფასოდ მიიღებენ
საქართველოს მთავრობის მიერ 3 აგვისტოს გამოცემული დადგენილების თანახმად, განისაზღვრა ბავშვების ექვსი კატეგორია, რომლებიც სასკოლო ფორმებს უფასოდ მიიღებენ.
დადგენილების თანახმად, სკოლის მოსწავლეების ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმის ტანსაცმლით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, სასკოლო ფორმის ტანსაცმელი უსასყიდლოდ გადაეცემათ საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის იმ მოსწავლეებს, რომლებიც:
1) რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65001 ქულაზე ნაკლებია;
2) ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში;
3) განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში;
4) ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში;
5) განთავსებულნი არიან თბილისის ბავშვთა სახლში;
6) 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად, ვერ ახერხებენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და ჩარიცხულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში.
აღნიშნული პროგრამის ბენეფიციარებს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, უსასყიდლოდ გადაეცემათ დადგენილი ნიმუშის სასკოლო ფორმის ტანსაცმელი, რომელიც მოიცავს: ბიჭისთვის − 1 პიჯაკს და 2 შარვალს; გოგოსთვის − 1 პიჯაკს, 1 შარვალს და 1 ქვედაკაბას.