საზოგადოება
15.10.2026 17:14
წლევანდელი ,,როტონდა" გორის თეატრის საპრემიერო სპექტაკლით ,,ძუნწი" და ფატი ფულარიანის ვარსკვლავის გახსნით დაიხურა

წლევანდელი ,,როტონდა" გორის თეატრის საპრემიერო სპექტაკლით ,,ძუნწი" და ფატი ფულარიანის ვარსკვლავის გახსნით დაიხურა, პარალელურად, „შემოქმედებითი კავშირი - საქართველოს თეატრალური საზოგადოების“ თავმჯდომარემ გიორგი გეგეჭკორმა ფატი ფულარიანს ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემია გადასცა.

„დამსახურებული არტისტი 1933 წლის 18 ივნისს დაიბადა. თეატრალური განათლების მიღების შემდეგ მუშაობდა ქუთაისისა და ზუგდიდის თეატრებში. 1963 წლიდან 33 წლის მანძილზე მოღვაწეობდა გორის თეატრში და ერისთავის თეატრის სცენაზე 113 როლი განასახიერა. დრამატულ როლებთან ერთად, ფატი ფულარიანი იყო სახასიათო როლების უბადლო შემსრულებელი.

ამ ვარსკვლავის გახსნით მისი ვარსკვლავად მიჩნევა კი არ მოხდა, ეს იყო ფაქტის კონსტატაცია - იმის ხაზგასმა, რაც აქამდეც, ისედაც ასე იყო - ფატი ფულარიანი 33 წლის მანძილზე ამშვენებდა ერისთავის თეატრის სცენას და ნამდვილად იყო თეატრის ვარსკვლავი დიდი თეატრალური ტრადიციების მქონე ქალაქში“, - აღნიშნეს ღონისძიების ორგანიზატორებმა.

დამსახურებულ არტისტს ვარსკვლავის გახსნა, თეატრალური საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა, გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ მარლენ ნადირაძემ მიულოცეს.

ფატი ფულარიანის ვარსკვლავის გახსნით დასრულდა თეატრალური ფესტივალი „როტონდა“ , რომელსაც გორი ერთი კვირის განმავლობაში მასპინძლობდა.

შეგახსენებთ, მასშტაბური თეატრალური ფესტივალი „როტონდა“ გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება.

თეატრალური ფესტივალის მიზანი გორში თეატრალური ცხოვრების გააქტიურება, თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაცია და თეატრებს შორის შემოქმედებითი თანამშრომლობის გაღრმავებაა. „როტონდა“ ადგილობრივ მაყურებელს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნოს სხვადასხვა თეატრის შემოქმედებას და მრავალფეროვანი წარმოდგენებით ისიამოვნოს.

კვირის ამბები