საზოგადოება
11.10.2026 22:45
ბოშურში სახალხო დღესასწაული ,,ტანა-თეძმობა 2026"
10-11 ოქტომბერს, ბოშურმა „ტანა-თეძმობა 2026“-ს უმასპინძლა.

სახალხო დღესასწაული, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის მერიის და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა, ტრადიციულად, წელსაც უამრავ ღონისძიებას მოიცავდა.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო კულტურული, გასტრონომიული, სპორტული და გასართობი აქტივობები.
​ფესტივალი საზეიმოდ 10 ოქტომბერს გაიხსნა, ​წარმოდგენილი იყო ფოლკლორული ანსამბლები და ქართული ეროვნული ცეკვები, ​ასევე - დოლების შოუ, ​იუმორისტული ნომრები.

​მხიარული ანიმატორები ფესტივალის მონაწილეებს განსაკუთრებულ განწყობას უქმნიდნენ, ​ცალკე კუთხე იყო მოწყობილი სახის მოხატვის მსურველთათვის, ჩატარდა ძერწვის მასტერკლასიც.

​ტრადიციულად, წლევანდელი ტანა-თეძმობის განუყოფელი ნაწილი იყო გასტრონომიული ტური და კულინარიული მასტერკლასები, ​ტრადიციული კერძების გამოფენა და ქართული ღვინის დეგუსტაცია.

​მწვადის შეწვა, ჩურჩხელის ამოვლება, პურის გამოცხობა თუ ხინკლის მოხვევა - სახალხო დღესასწაულის სტუმრებს უამრავი საინტერესო კუთხე ელოდა.

​დღესასწაულის პირველი დღე მოიცავდა ასევე ცოცხალი მუსიკის საღამოს, ღია ცის ქვეშ კინოჩვენებას და საკემპინგე აქტივობებსაც.
არანაკლებ საინტერსო აღმოჩნდა ტანა-თეძმობის მეორე დღეც, რომელიც უამრავ აქტივობას მოიცავდა: ​ლაშქრობას, მხიარული სტარტებს, სამაგიდო და ინტელექტუალურ თამაშებს, სახელოსნო მასტერკლასებს და პოეზიის საღამოს.

ორდღიანი სახალხო დღესასწაულის მიზანია რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის და ტრადიციების პოპულარიზაცია, ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერა, ტურიზმის განვითარება და მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა.
ფესტივალი ხელს უწყობს ადგილობრივი ტრადიციების შენარჩუნებას და ბოშურის და ტანა-თეძმის ხეობის ცნობადობის გაზრდას.
სახალხო დღესასწაული ,,ტანა-თეძმობა 2026“ 11 ოქტომბერს, საღამოს, საზეიმოდ დაიხურა და სტუმრებს ზუსტად ერთი წლით დაემშვიდობა.

ტანა-თეძმობაზე დასწრების მსურველებს გორის ცენტრიდან უფასო ტრანსპორტიც მოემსახურა.
კვირის ამბები