საზოგადოება
12.10.2026 15:01
17-18 ოქტომბერს უფლისციხე ეთნოფესტივალს უმასპინძლებს

2026 წლის 17–18 ოქტომბერს, უფლისციხეში ეროვნული მნიშვნელობის კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტი „ეთნოფესტივალი საქართველოში უფლისციხე 2026“ გაიმართება.

ეთნოფესტივალი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღს ეძღვნება.

ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ფონდი „ჩოხოსანი“, თანაორგანიზატორები კი - გორისა და ატენის ეპარქია და გორის მუნიციპალიტეტის მერია.

ეთნოფესტივალის მხარდამჭერები არიან: შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია; საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი; ხელსაქმის საგანმანათლებლო და პოპულარიზაციის საერთაშორისო ასოციაცია; საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირი.

როგორც ეთნოფესტივალის ორგანიზატორები აღნიშნავენ, ფესტივალის მიზანია საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული მემკვიდრეობის, ეროვნული კულტურის, ტრადიციების, ისტორიული მეხსიერებისა და სულიერი ღირებულებების წარმოჩენა თანამედროვე ფორმატში და მომავალი თაობებისთვის მათი გადაცემა.

„ეთნოფესტივალი საქართველოში უფლისციხე 2026“-ის კონცეფციის საფუძველია სამი მნიშვნელოვანი ძალის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის - ეპარქიის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების თანამშრომლობა საერთო ეროვნული მიზნის გარშემო.

ფესტივალი ქმნის სივრცეს, სადაც სულიერი, საზოგადოებრივი და რეგიონის ადგილობრივი ინსტიტუციური რესურსები ერთიანდება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, და მისი წარმოჩენის მიზნით. ორდღიანი პროგრამით გათვალისწინებულია სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც შეეხება საქართველოს გაქრისტიანების ისტორიულ მნიშვნელობას, ქართლის კულტურულ მემკვიდრეობასა და ქრისტიანობის როლს საქართველოს სახელმწიფოებრივ განვითარებაში.


ფესტივალის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი იქნება უნიკალური გამოფენა, სადაც პირველადერთიან სივრცეში იქნება წარმოდგენილი სამღვდელმთავრო, სამეფო და საერო ისტორიული სამოსი. გათვალისწინებულია, პროგრამაში ბაგრატიონთა სამეფო გვარის შთამომავლების მონაწილეობაც.

უფლისციხის საგამოფენო სივრცეში ასევე მოეწყობა ქართული ტრადიციული რეწვის გამოფენა-გაყიდვა, ხელსაქმისა და კულტურული მემკვიდრეობის მასტერკლასები, ქართული პურისა და ღვინის კულტურის წარმოჩენა, ეთნოკულინარიული პროგრამა ადგილობრივი და მოწვეული საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. წელს პირველად ეთნოფესტივალს სტუმრობენ ინგუში ტრადიციული რეწვის ოსტატები. მეწარმეებისა და მარნების მონაწილეობით.

ცალკე მიმართულება დაეთმობა ეთნოსპორტსა და ქართულ ტრადიციულ თამაშობებს, ასევე ჭადრაკის ბლიც-ტურნირს. ფესტივალის საკონცერტო პროგრამის ფინალში ქართული ფოლკლორის, ქორეოგრაფიისა და საგალობლის წარმომადგენლები გაერთიანდებიან გალა-კონცერტში. ფესტივალის დასასრულს გაიმართება მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონია, სადაც წარდგენილნი იქნებიან კულტურის სფეროს წარმომადგენლები და მონაწილე ანსამბლების ხელმძღვანელები.

ღონისძიების დასრულების სიმბოლური კულმინაცია იქნება, ქართული კულტურული და სულიერი მემკვიდრეობის უწყვეტობის სიმბოლო, ანთებული ჩირაღდნის საზეიმო გადაცემა, რომელიც ყოველწლიურად გადაეცემა მომავალი ფესტივალის მასპინძელ რეგიონს. პროექტი მიზნად ისახავს ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას, ეკლესიის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების თანამშრომლობის გაძლიერებას, რეგიონული ტურიზმის განვითარებას, ადგილობრივი მეწარმეობის მხარდაჭერას, ახალგაზრდებში ეროვნული ღირებულებების განმტკიცებასა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო სივრცეში წარმოჩენას.

„ეთნოფესტივალი საქართველოში უფლისციხე 2026“ არის წარსულის, აწმყოსა და მომავლის დამაკავშირებელი კულტურული სივრცე ქართული ტრადიციის, ქრისტიანული მემკვიდრეობისა და ეროვნული ერთიანობის საფუძველზე.“ - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც ეთნოფესტივალის ორგანიზატორები ავრცელებენ.

კვირის ამბები