
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 აპრილს შიდა ქართლის დასახლებულ პუნქტებში -2, -4 გრადუსი დაფიქსირდა.
გორში, ქარელსა და ხაშურში ტემპერატურის დაცემამ გარკვეული საფრთხე შეუქმნა მეხილეობას, თუმცა, ამ დროისთვის, ჯერჯერობით, გამოკვეთილი არ არის, რა ტიპის ზიანი მიადგა ხეხილს.
„გორის მაცნე“ სოფლის მეურნეობის სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელს მამუკა ლომსაძეს ესაუბრა.
როგორც სამმართველოს უფროსმა აღნიშნა, ზიანის შესახებ ინფორმაცია დღის ბოლოს დაზუსტდება.
,,ფაქტობრივად, კასპის გარდა, შიდა ქართლის დანარჩენ 3 მუნიციპალიტეტში ერთნაირი ვითარება გვაქვს. გორშიც, ქარელშიც და ხაშურშიც 2 – 4 გრადუსი ყინვა დაფიქსრიდა, რაც გარკვეულ საფრთხეს ქმნის კურკოვანი ხილისა და კაკლისთვის, ნაწილობრივ, შესაძლოა, მცირე ზიანი მიადგეს ვაშლსაც, თუმცა, ჯერჯერობით ზარალი გამოკვეთილი არ არის და დღის ბოლოს უფრო დაზუსტებული მონაცემები გვექნება“, - აღნიშნა მამუკა ლომსაძემ.
ინფორმაციისთვის, 4 გრადუსამდე ყინვამ, ძირითადად, შეიძლება დააზიანოს ყვავილში მყოფი ხეხილი, თუმცა, როგორც გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებლი მეურნეები ამბობენ, დაზიანების კვალი ჯერ არ შეინიშნება.