საზოგადოება
01.04.2026 16:23
6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის აქციზის განაკვეთი 1 კუბურ სმ-ზე 4.5 ლარის ოდენობით განისაზღვრა

72 - ხმით (11 წინააღმდეგი) საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ,,საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები, რომლითაც საქართველოში იმპორტირებული მსუბუქი ავტომობილების განბაჟების საფასური გადაიხედა და 6 წელზე მეტი ასაკის მანქანების აქციზის განაკვეთი გაიზარდა.

ახალი კანონის მიხედვით, აქციზის განაკვეთი 0-დან 6 წლის ასაკის ჩათვლით ავტომობილებისთვის ძრავის მოცულობის 1 კუბურ სმ-ზე 1.5 ლარის ოდენობით განისაზღვრება, ხოლო 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის აქციზის განაკვეთი 1 კუბ. სმ-ზე 4.5 ლარის ოდენობით განისაზღვრება.

კანონის თანახმად, უქმდება ,,საგადასახადო კოდექსში“ არსებული გრაფა, რომლითაც ავტომობილზე აქციზის განაკვეთებია დადგენილი. ამასთან, საგადასახადო კანონმდებლობას ახალი მუხლები ემატება, რომელიც ძირითადი განაკვეთისგან განსხვავებულ სპეციალურ განაკვეთებს ადგენს.

ჰიბრიდული ავტომობილებისთვის შენარჩუნებული იქნება შეღავათიანი - ძირითადი განაკვეთის 60 პროცენტით შემცირებული განაკვეთი, ხოლო მარჯვენასაჭიანი ავტომობილებისთვის განსაზღვრულია ძირითადი განაკვეთის გასამმაგებული განაკვეთი.

რაც შეეხება იმ ავტომობილს, რომელიც საქართველოში შემოყვანილია 2026 წლის 2 აპრილამდე, ან რომლის საქართველოში შემოყვანის მიზნით უცხო ქვეყანაში ტრანსპორტირება დაწყებულია 2 აპრილამდე, ასეთი ავტომობილები, აქციზის ახალი კანონის ამოქმედებამდე მოქმედი განაკვეთებით მოექცევიან საბაჟო პროცედურაში.  

ამასთანავე, თუ ავტომობილის ტრანსპორტირება ხორციელდება სახმელეთო ტრანსპორტით ან იგი გადაადგილდება თავისი სვლით, დგინდება დამატებითი პირობა, რომლის მიხედვით, კანონის ამოქმედებამდე მოქმედი განაკვეთები გავრცელდება თუ ავტომობილის საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანა მოხდება 2026 წლის 1 ივლისამდე.

კვირის ამბები