საზოგადოება
01.04.2026 21:41
გორში, მიუსაფარ შინაურ ცხოველთა თავშესაფარში სამართალდარღვევა არ გამოვლინდა - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი

გორში, მიუსაფარ შინაურ ცხოველთა თავშესაფარში სამართალდარღვევა არ გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ინფექციების გავრცელების პრევენციის მიზნით ინსინერატორში ხდებოდა თავშესაფარში არსებული ცხოველების სამედიცინო მომსახურებით და მასთან დაკავშირებული კვლევების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების ინსინერაცია და ასევე გარდაცვლილი ცხოველის უტილიზაცია.

,,გორში, მიუსაფარ შინაურ ცხოველთა თავშესაფარში სამართალდარღვევა არ გამოვლინდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, დეტალურად გადაამოწმეს ქ. გორში, ა(ა)იპ მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს მიუსაფარი შინაური ცხოველების თავშესაფარის ტერიტორია.

გადამოწმების შედეგად სამართალდარღვევა არ გამოვლინდა. დადგინდა, რომ მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს კუთვნილ ტერიტორიაზე მოწყობილია ინსინერატორი, რომლის ფუნქციონირებაზე სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის 2025 წლის 4 მარტის # 98/ს ბრძანებით გაცემულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება.

ასევე დადგინდა, რომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობების შესაბამისად, ინფექციების გავრცელების პრევენციის მიზნით ინსინერატორში ხდებოდა თავშესაფარში არსებული ცხოველების სამედიცინო მომსახურებით და მასთან დაკავშირებული კვლევების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების ინსინერაცია და ასევე გარდაცვლილი ცხოველის უტილიზაცია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელებით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, ადგილი ჰქონდა მიუსაფარი ძაღლების განადგურებას, ა(ა)იპ მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურმა სააგენტომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა, მიზნად ისახავს სააგენტოს დისკრედიტაციას და საზოგადოებას მოუწოდებენ, ნუ აჰყვებიან დეზინფორმაციას.

ამასთან, აღნიშნულ ფაქტზე განცხადება გააკეთა გორის მუნიციპალიტეტის მერმაც. კონსტანტინე ბუზალაძის განცხადებით, არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოებრივ ემოციებზე ზემოქმედებას და მანიპულირებენ ფაქტებით. გორის მერმა მოქალაქეებს მოუწოდა, არ ენდონ გადაუმოწმებელ ინფორმაციას.

კვირის ამბები