
მოვუწოდებ მოქალაქეებს, არ ენდონ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, ინტერმუნიციპალური თავშესაფარი ფუნქციონირებს დადგენილი წესებისა და სტანდარტების სრული დაცვით, - ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერმა განაცხადა. როგორც კონსტანტინე ბუზალაძემ აღნიშნა, სოციალურ ქსელებში მიმდინარე აჟიოტაჟი სრულიად უსაფუძვლოა და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
„მინდა, გამოვეხმაურო სოციალურ ქსელებში გავრცელებულ უსაფუძვლო აჟიოტაჟს. არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოებრივ ემოციებზე ზემოქმედებას და მანიპულირებენ ფაქტებით. მოვუწოდებ მოქალაქეებს, არ ენდონ გადაუმოწმებელ ინფორმაციას. დაინტერესების შემთხვევაში, ნებისმიერ პირს შეუძლია, მიმართოს შესაბამის სამსახურს და მიიღოს ამომწურავი პასუხი,“ — განაცხადა კონსტანტინე ბუზალაძემ.
შეგახსენებთ, სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს, ძაღლების განადგურება ხდებოდა, განცხადება გაავრცელა ა(ა)იპ მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურმა სააგენტომაც, სადაც აღნიშნულია, რომ მოქმედი რეგულაციების შესაბამისად, ინფექციების გავრცელების პრევენციის მიზნით, სპეციალურ ინსინერატორში ხორციელდება თავშესაფარში ჩატარებული ვეტერინარული მომსახურების შედეგად წარმოქმნილი ბიოლოგიური ნარჩენების, ასევე გარდაცვლილი ცხოველების უტილიზაცია, რაც წარმოადგენს სტანდარტებით განსაზღვრულ უსაფრთხო და სავალდებულო პრაქტიკას.
ამასთან, ინტერმუნიციპალურ სააგენტოში მონიტორინგი განახორციელა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ჩაატარა. უწყების მიერ გამოქვეყნებეულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სააგენტოს ტერიტორიაზე სამართალდარღვევა არ გამოვლინდა.