საინტერესო ამბები
28.10.2026 16:49
თაფლი - პროდუქტი რომელიც არასოდეს ფუჭდება

თაფლი ერთ-ერთი ყველაზე საოცარი პროდუქტია დედამიწაზე, რომლის შესახებაც, შესაძლოა, არც იცით უამრავი საინტერესო ფაქტი.

ეს არის მწერის მიერ შექმნილი ერთადერთი საკვები, რომელსაც ადამიანი მიირთმევს. ამასთან, ის ერთადერთი პროდუქტია, რომელიც შეიცავს სიცოცხლისთვის აუცილებელ ყველა ნივთიერებას: წყალს, ვიტამინებს, მინერალებს, ფერმენტებსა და ანტიოქსიდანტებს.

თაფლი არასოდეს ფუჭდება

სწორად შენახული თაფლი ათასწლეულების განმავლობაში ინარჩუნებს საკვებ თვისებებს. არქეოლოგებმა ეგვიპტის პირამიდებში, ფარაონების სამარხებში აღმოაჩინეს 3000 წლის წინანდელი თაფლის ქილები, რომელიც დღესაც აბსოლუტურად საკვებად ვარგისია. მისი მარადიულობის საიდუმლო დაბალ ტენიანობასა და მაღალ მჟავიანობაშია, რაც ბაქტერიების გამრავლებას გამორიცხავს.

მსოფლიოში უძველესი თაფლი საქართველოშია ნაპოვნი

მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტური თაფლი უფრო ცნობილია, 2003 წელს, ბორჯომის რაიონში, საკირესთან მდებარე ერთ-ერთ ყორღანში აღმოაჩინეს თაფლის ნაშთები, რომელიც დაახლოებით 5500 წლისაა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში ნაპოვნი თაფლი ეგვიპტურზე მინიმუმ 2000 წლით უფროსია, რაც ჩვენს ქვეყანას მეფუტკრეობის უძველეს კერად აქცევს.

თაფლი, როგორც უძველესი ბიოლოგიური იარაღი

არსებობს ე.წ. „გიჟური თაფლი“ (Crazy Honey), რომელიც მზადდება შქერის და დეკას  ყვავილებისგან (ასეთი თაფლი საქართველოში, კერძოდ, აჭარასა და ლაზეთშიც გვხვდება). ის შეიცავს ნეიროტოქსინებს. ძვ.წ. 67 წელს, როდესაც რომაელი სარდალი პომპეუსი პონტოს სამეფოს ებრძოდა, უკანდახევისას, ადგილობრივებმა რომაელ ჯარისკაცებს ეს თაფლი სპეციალურად დაუტოვეს. თაფლის ჭამის შემდეგ რომაელებს ჰალუცინაციები და თავბრუსხვევა დაეწყოთ, რის გამოც ბრძოლის უნარი დაკარგეს და მარტივად დამარცხდნენ.

ტიტანური შრომა ერთი კოვზისთვის

1 კილოგრამი თაფლის შესაგროვებლად ფუტკრების გუნდს დაახლოებით 4 მილიონ ყვავილზე დაჯდომა და დედამიწის გარშემო 3-ჯერ შემოვლის ტოლფასი მანძილის ფრენა უწევს. ერთი მუშა ფუტკარი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში (რაც სულ რამდენიმე კვირა გრძელდება) მხოლოდ ჩაის კოვზის თაფლს აწარმოებს.

თაფლი კურნავს ჭრილობებს

პირველი მსოფლიო ომის დროს, სანამ ანტიბიოტიკებს გამოიგონებდნენ, თაფლს აქტიურად იყენებდნენ ჯარისკაცების ჭრილობების დასამუშავებლად. მას აქვს ძლიერი ანტიბაქტერიული თვისებები, რაც ინფექციების პრევენციას ახდენს და ქსოვილების აღდგენას აჩქარებს.

რატომ არ შეიძლება 1 წლამდე ბავშვებისთვის

თაფლი შეიძლება შეიცავდეს ბოტულიზმის სპორებს. ზრდასრული ადამიანის საჭმლის მომნელებელი სისტემა ამას მარტივად უმკლავდება, თუმცა, 1 წლამდე ჩვილების ჩამოუყალიბებელი მიკროფლორისთვის ეს საკმაოდ საშიშია.

 

კვირის ამბები