დედამიწაზე უამრავი უცნაური ცხოველი არსებობს, თუმცა, რვაფეხა მაინც გამორჩეულია - მას სამი გული და ლურჯი სისხლი აქვს. ორი გული სისხლს ლაყუჩებისკენ ქაჩავს, ხოლო მესამე - დანარჩენ სხეულში ანაწილებს. რვაფეხების სისხლი ლურჯია, რადგან ის რკინის ნაცვლად სპილენძზე დაფუძნებულ პროტეინს (ჰემოციანინს) შეიცავს.
ისინი იმდენად განსხვავდებიან სხვა ცხოველებისგან, რომ ზოგიერთი მეცნიერი ხუმრობით მათ „უცხოპლანეტელებსაც“ კი უწოდებს.
მათი ტვინი მთელ სხეულშია გაფანტული: რვაფეხას ნეირონების (ნერვული უჯრედების) ორი მესამედი არა თავში, არამედ მის საცეცებში მდებარეობს. ეს ნიშნავს, რომ თითოეულ საცეცს შეუძლია „დამოუკიდებლად იაზროვნოს“ - შეეხოს, იგრძნოს გემო და იმოქმედოს ცენტრალური ტვინის ბრძანების გარეშეც კი.
რვაფეხები ძალიან ჭკვიანები არიან. მათ შეუძლიათ, გახსნან ქილები ხრახნიანი თავსახურით, გადაჭრან ლაბირინთები და გამოიყენონ საგნები.
რვაფეხების სხეულში საერთოდ არ არის ძვლები (ერთადერთი მყარი ნაწილი მათი ნისკარტია, რომელიც თუთიყუშის ნისკარტს ჰგავს). ამის გამო, გიგანტურ რვაფეხასაც კი შეუძლია გაძვრეს ისეთ პატარა ხვრელში, რომელიც მისი ნისკარტის ზომისაა.
რვაფეხას შეუძლია, სულ რაღაც 0.3 წამში შეიცვალოს არა მხოლოდ კანის ფერი, არამედ მისი ტექსტურაც (გახდეს ეკლიანი ან გლუვი), რათა იდეალურად შეერწყას გარემოს.
საფრთხის დროს, რვაფეხა უშვებს მელნის ღრუბელს. ეს მელანი მხოლოდ ეკრანი როდია დასამალად; მასში შედის ნივთიერება (ტიროზინაზა), რომელიც დროებით აბრმავებს მტაცებელს (მაგალითად, ზვიგენს) და უკარგავს მას ყნოსვის უნარს.
თუ რომელიმე მტაცებელმა რვაფეხას საცეცი მოაჭამა ან დაუზიანა, ეს მისთვის ტრაგედია არ არის. რამდენიმე თვეში რვაფეხას სრულად უფუნქციონირებს ახალი საცეცი, რომელზეც ნერვული დაბოლოებებიც კი იდეალურად აღდგება.
ვინაიდან, მათი სამი გულიდან ერთ-ერთი (მთავარი) წყვეტს მუშაობას, როდესაც ცხოველი ცურავს, რვაფეხები სწრაფად იღლებიან. სწორედ ამიტომ, მათ ურჩევნიათ, ოკეანის ფსკერზე საცეცებით „იარონ“, ვიდრე იცურონ.
რვაფეხები დიდხანს არ ცოცხლობენ (1-დან 5 წლამდე). გამრავლების შემდეგ ისინი მალევე კვდებიან. დედა რვაფეხა თვეების განმავლობაში იცავს თავის კვერცხებს, არ ტოვებს მათ საჭმლის საშოვნელადაც კი, მტაცებლებს იგერიებს და კვერცხების გამოჩეკვისთანავე, შიმშილისა და გამოფიტვისგან კვდება.
რაც შეეხება შხამს, ზოგ სახეობას შხამი საერთოდ არ გააჩნია, ზოგიერთს კი (მაგალითად, ლურჯხაზებიან რვაფეხას), იმდენად ძლიერი შხამი აქვს, რომ მას შეუძლია რამდენიმე წუთში 26 ზრდასრული ადამიანი მოკლას.
რვაფეხას კერძები უაღრესად პოპულარულია არაერთ ქვეყანაში, თუმცა, მათი კულინარიული კულტის ეპიცენტრი ხმელთაშუა ზღვისპირეთსა და აღმოსავლეთ აზიაშია.
ყველაზე ხშირად და მრავალნაირად მომზადებულ რვაფეხას შეხვდებით ესპანეთის, საბრძნეთის, კვიპროსის, იტალიის, პორტუგალიის, იაპონიის და სამხრეთ კორეის კვების ობიექტებში.