საზოგადოება
27.10.2026 13:53
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თურქული წარმოების ზეითუნის ზეთში შეუსაბამობები გამოავლინა

სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, თურქეთში წარმოებული ზეითუნის ზეთის - Extra Virgin Olive Oil ნიმუშში (სავაჭრო ნიშნით „Ayvalık“, 5-ლიტრიანი თუნუქის შეფუთვა) სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოავლინა.

როგორც სააგენტოში განმარტეს, აღნიშნული ზეთის ნიმუშში გლიციდოლის ცხიმოვანი მჟავების რთული ეთერებისა და 3-MCPD-ისა და მისი ცხიმოვანი მჟავების ეთერების მომატებული შემცველობა დაფიქსირდა. კვლევა კი სურსათის უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და გარემოს ინსტიტუტის „BIOR“-ის ლაბორატორიაში ჩატარდა.

„ლაბორატორიული კვლევის შედეგი ეხება კონკრეტულ ნიმუშს და არ ადასტურებს იმავე მწარმოებლის სხვა პროდუქტის ან პარტიის შეუსაბამობას. აღნიშნული სურსათის საიდენტიფიკაციო მონაცემებია: სავაჭრო ნიშანი: „Ayvalık“; შეფუთვა: 5 ლიტრიანი თუნუქის ტარა; შტრიხკოდი: 8693465410990; მწარმოებლის სარეგისტრაციო ნომერი: TR-10-K-042281.

სააგენტო აგრძელებს შესაბამისი ინფორმაციის შესწავლას და მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, აუცილებელი ღონისძიებების გატარებას.

ზეთებსა და ცხიმებში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) კვლევა სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2026 წელს დაიწყო. დღეისთვის ზეთის და ცხიმის 71 ნიმუშია აღებული“, - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

კვირის ამბები