რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი გორის №11 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებს და პედაგოგებს შეხვდა
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე გორის №11 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებს და პედაგოგებს შეხვდა.
შეხვედრაზე მინისტრმა სასკოლო საზოგადოებას მშენებლობის შეფერხების მიზეზები განუმარტა და თქვა, რომ კონტრაქტორი კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოების არც ტემპი და არც ხარისხი არ იყო დამაკმაყოფილებელი, რამაც პროექტის განხორციელებაში პრობლემები შექმნა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ კარგად ესმის მშობლების და პედაგოგების უკმაყოფილება და ის სირთულეები, რომლებსაც მშენებლობის გაჭიანურება ქმნის.
„შექმნილი ვითარებისა და მშენებლობის დასრულების ვადების მიუხედავად, სამინისტრო არ დაუშვებს კომპრომისს ხარისხთან დაკავშირებით. ახალი სკოლის მშენებლობა უნდა განხორციელდეს დადგენილი სტანდარტების და უსაფრთხოების მოთხოვნების სრული დაცვით“, - აღნიშნა მინისტრმა.
რევაზ სოხაძემ მშობლების და პედაგოგების შეკითხვებსაც უპასუხა და განაცხადა, რომ 20 დღეში სასკოლო საზოგადოებას კვლავ ადგილზე შეხვდება, გააცნობს მშენებლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას და სკოლის მშენებლობის დასრულების დაზუსტებულ ვადას.
შეხვედრას მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონია ესწრებოდნენ.
ცნობისთვის, გორის №11 საჯარო სკოლისთვის ახალი შენობის მშენებლობის პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს (ESIDA) გაუქმების შემდეგ გადაეცა.