საზოგადოება
26.10.2026 13:12
13 ოქტომბრიდან დღემდე, ხილის გადამამუშავებელმა საწარმოებმა 2 195 ტონა არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარეს - სოფლის განვითარების სააგენტო
სოფლის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, 13 ოქტომბრიდან დღემდე, სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა ხილის გადამამუშავებელმა საწარმოებმა 2 195 ტონა არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარეს. შედეგად, ფერმერებმა 554 000 ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს, მათ შორის, სახელმწიფო სუბსიდია 219 500 ლარს აჭარბებს.

როგორც სააგენტოში აღნიშნეს, „არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამა მოსავლის დაბინავების პროცესში ფერმერთა ხელშეწყობის მიზნით, მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს ამოქმედდა. ქვეყნის მასშტაბით, არასტანდარტულ ვაშლს სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ხილის გადამამუშავებელი 9 საწარმო იბარებს და ვაშლის ჩაბარების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტულ ვაშლს იბარებენ ხილის გადამამუშავებელი საწარმოები შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონში.

„სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სუბსიდია 1 კგ. არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრს შეადგენს. პროგრამაში ჩართვა შეუძლია ხილის გადამამუშავებელ ყველა იმ საწარმოს, რომლებიც 2026 წლის 18 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ. არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 25 თეთრად შეისყიდის“, - აცხადებენ სააგენტოში.

შეგახსენებთ, არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების უზრუნველსაყოფად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, შიდა ქართლში საკოორდინაციო შტაბი ფუნქციონირებს.
კვირის ამბები