გორი თავისუფალ ჭიდაობაში ნუგზარ სხირელის მემორიალურ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს.
საშეჯიბრო ნაწილი გორის სპორტის სასახლეში 12 და 13 ნოემბერს ჩატარდება. ასპარეზობები 10:00 საათზე დაიწყება.
ტურნირში მონაწილეობას 2007-2008 და 2009-2010 წწ. დაბადებული მოჭიდავეები მიიღებენ. სპორტსმენები პირველობისთვის ერთმანეთს ათ წონით კატეგორიაში დაუპირისპირდებიან. საპრიზო ადგილზე გასულ მოჭიდავეებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცემათ.
ნუგზარ სხირელი მსოფლიოს საჭიდაო სამყაროში საყოველთაოდ აღიარებული მწვრთნელი, გორში თავისუფალი ჭიდაობის სკოლის ფუძემდებელი იყო. მის სახელს არაერთი სპორტსმენის წარმატება უკავშირდება. სხირელმა ქვეყანას ევროპის, მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონები აღუზარდა.
ცნობისთვის, დამსახურებული მწვრთნელის მემორიალურ ტურნირს გორი მეექვსედ უმასპინძლებს. შეჯიბრი გორის მუნიციპალიტეტის მერიის და სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით იმართება და დასწრება თავისუფალია.