კონფლიქტები
22.10.2026 18:03
ერგნეთის შეხვედრაზე ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე დაფიქსირებული ყველა ინციდენტი განიხილეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე დეტალურად მიმოიხილეს, წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე დაფიქსირებული ყველა ინციდენტი, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 135-ე შეხვედრაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა კვლავ მკაცრად დააყენეს საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლის/წარმომადგენლების პასუხისგებაში მიცემისა და სამართლის აღსრულების საკითხი.

„გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 135-ე შეხვედრა გაიმართა, რომელზეც დეტალურად მიმოიხილეს, წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე დაფიქსირებული ყველა ინციდენტი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა კვლავ მკაცრად დააყენეს საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლის/წარმომადგენლების პასუხისგებაში მიცემისა და სამართლის აღსრულების საკითხი.

ასევე, შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთ საკითხს წარმოადგენდა თავისუფალი გადაადგილების უკანონო შეზღუდვისა და ე.წ. გადასასვლელ პუნქტებზე არსებული რეჟიმი.

ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაგმეს უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და მკაცრად მოითხოვეს უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლება.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ტენდენცია“, - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრის თარიღად 15 დეკემბერი განისაზღვრა.
კვირის ამბები