საზოგადოება
22.10.2026 15:40
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად, სებ-მა საკოლექციო მონეტები გამოუშვა - მონეტების შეძენა დაიწყო
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საკოლექციო დანიშნულების 10 ლარის ნომინალის ოქროს და ვერცხლის მონეტები გამოუშვა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მონეტების დიზაინი სებ-მა საქართველოს საპატრიარქოსთან თანამშრომლობით შეიმუშავა. თავად მონეტები პოლონეთის ზარაფხანაში დამზადდა. ოქროსა და ვერცხლის საკოლექციო მონეტების შეძენა კი უკვე შესაძლებელია.

„ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ოქროსა და ვერცხლის საკოლექციო მონეტების რეალიზაცია დაიწყო. მათი შეძენა შესაძლებელია როგორც საკასო ცენტრის და ყვარლის ფულის მუზეუმის სალაროებიდან, ისე ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის მეშვეობით | moneymuseum. nbg. gov.ge/sales-catalog
ოქროს მონეტები 3 000-იანი ტირაჟით მოიჭრა და მისი სარეალიზაციო ფასი 3 250 ლარს შეადგენს. ვერცხლის მონეტები კი, 10 000-იანი ტირაჟით მოიჭრა და მისი სარეალიზაციო ფასი 300 ლარია“, - ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საიუბილეო მონეტებზე ქრისტიანული სიმბოლოებია დატანებული, წარწერებში გამოყენებული შრიფტი კი სპეციალურად აღნიშნული მონეტის დიზაინისთვის შეიქმნა.
კვირის ამბები