ოქტომბერი კიბერუსაფრთხოების თვეა - ციფრული მმართველობის სააგენტო მოქალაქეებს კიბერუსაფრთხოების დაცვის შესახებ რეკომენდაციებს სთავაზობს
ოქტომბერი კიბერუსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა. როგორ დავიცვათ პერსონალური ინფორმაცია ციფრულ სივრცეში - ციფრული მმართველობის სააგენტო მოქალაქეებს კიბერუსაფრთხოების დაცვის შესახებ რეკომენდაციებს სთავაზობს.
როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, ჩვენი პერსონალური მონაცემების დაცვა ყოველდღიური ციფრული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილია. რამდენიმე მარტივი წესის დაცვით, შეგვიძლია, მნიშვნელოვნად შევამციროთ კიბერშეტევების და ინფორმაციის არასანქცირებული გამოყენების რისკი.
რაც შეეხება რეკომენდაციებს: „გამოიყენეთ ძლიერი და უნიკალური პაროლები თითოეული ანგარიშისთვის;
ჩართეთ ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია (2FA);
რეგულარულად განაახლეთ პროგრამული უზრუნველყოფა;
შეამოწმეთ კონფიდენციალურობის პარამეტრები და შეზღუდეთ პერსონალური ინფორმაციის საჯაროდ გაზიარება;
მოერიდეთ ადგილმდებარეობისა და სხვა სენსიტიური ინფორმაციის გაზიარებას; ფრთხილად იყავით, როდესაც აპლიკაციებს და ვებსაიტებს ანიჭებთ თქვენს ანგარიშებზე წვდომის უფლებას;
არ გახსნათ საეჭვო ბმულები და შეტყობინებები; დახურეთ ანგარიშები, რომლებსაც აღარ იყენებთ.
იზრუნეთ ციფრულ უსაფრთხოებაზე, რათა დაიცვათ თქვენი პერსონალური ინფორმაცია“, - აცხადებენ სააგენტოში.