გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების VII–XII კლასების მოსწავლეებისთვის ესეების კონკურსი - „ადამიანის კვალი ნიადაგზე“ გამოაცხადა.
კონკურსის ორგანიზატორების ინფორმაციით, 5 დეკემბერს ნიადაგის მსოფლიო დღე აღინიშნება. 2026 წლის კამპანიის მთავარი თემაა: „შევაჩეროთ ნიადაგის დატკეპნა, გავზარდოთ ნიადაგის პროდუქტიულობა“ და აღნიშნული კონკურსიც სწორედ ამ თემას ეძღვნება.
„ჟიური კონკურსანტს 100-ქულიანი სისტემით შეაფასებს. მთავარი კრიტერიუმებია თემის გააზრება და სიღრმე, არგუმენტაცია და საკუთარი მოსაზრება. უპირატესობა მიენიჭება გააზრებას და დამოუკიდებელ აზროვნებას და არა ინფორმაციის რაოდენობას.
რაც შეეხება გამარჯვებულებს, I, II და III ადგილის მფლობელები აკადემიკოს თენგიზ ურუშაძის სახელობის სიგელებით დაჯილდოვდებიან. დაჯილდოების ცერემონია კი 2026 წლის 5 დეკემბერს - ნიადაგის მსოფლიო დღეს ჩატარდება“, - აცხადებენ ორგანიზატორები.
კონკურსში მონაწილეობისთვის ნამუშევრების მიღება დაიწყო და 20 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. დეტალური ინფორმაციის ნახვა მსურველს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე შეუძლია.