სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ქვეყნის მასშტაბით დღეიდან დაიწო - რა უნდა გაითვალისწინონ ბენეფიციარებმა
ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეიდან, 21 ოქტომბრიდან, დაიწყო და აცრა ყველა მოქალაქისთვის სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
როგორც დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აცხადებენ, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, სამკომპონენტიანი (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის Vaxigrip), სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.
„ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია მაღალი რისკის ჯგუფებისთვის - ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, ონკო-პაციენტებისთვის, ორსულებისთვის, 60 წლის და უფროსი ასაკის პირებისთვის, სამედიცინო პერსონალისთვის, თავშესაფრების და პანსიონატების ბენეფიციარების და თანამშრომლებისთვის.
აცრა შესაძლებელია ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებსა და პოლიკლინიკებში 6 თვის ასაკიდან და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა. მომსახურების მისაღებად კი მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ თავიანთ პოლიკლინიკას, ან იმ ახლომდებარე სამედიცინო დაწესებულებას, რომელიც იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობს.
ვაქცინაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რათა სამედიცინო დაწესებულებამ შეძლოს მათი მონაცემების იდენტიფიცირება და აცრის ელექტრონულ სისტემაში აღრიცხვა“, - აცხადებენ უწყებაში.
რაც შეეხება ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებს, გორის მუნიციპალიტეტში აცრა შესაძლებელია 5 კლინიკაში: გ. აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი (ი. ჭავჭავაძის გამზირი №56), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი (სტალინის ქ. №2), ნიქოზის პირველადი ჯანდაცვის ცენტრი (სოფელი ნიქოზი), გორის რეფერალურ ჰოსპიტალი (ცხინვალის გზ. №14 ა) და მედიქალ ცენტრი (ი. სუხიშვილის №63).