ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში საერთაშორისო ვიზიტებისა და შემოსავლების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა
ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში, 9 თვეში, საერთაშორისო ვიზიტებისა და შემოსავლების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, 2026 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში რეკორდულად მაღალი - 473,620 ვიზიტი დაფიქსირდა. ზრდა, გასული წლის 3 კვარტალთან შედარებით, +20.1%-ია. ხოლო, აღნიშნულ პერიოდში ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნიდან საქართველოში, ასევე ვიზიტორების ზრდა ფიქსირდება.
„ვიზიტების რაოდენობასთან ერთად, რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება შემოსავლებშიც. ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან, 9 თვეში, საქართველომ ყველაზე მეტი შემოსავალი - 665.4 მილიონი აშშ დოლარი ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან მიიღო, რაც +29.1%-ით (+150.1 მილიონი აშშ დოლარით) მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
მესამე კვარტალში ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან რეკორდულად მაღალი შემოსავალი დაფიქსირდა - 310.2 მილიონი აშშ დოლარი, რაც +30.2%-ით (+72 მილიონი აშშ დოლარით) მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
მესამე კვარტალში, ივლისი-სექტემბრის პერიოდში, ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა, რამაც 224,419 ვიზიტი შეადგინა. ზრდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, +16.6%-ს შეადგენს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.