სისხლის და პლაზმის უნიკალური დონორი, რომელმაც 2,4 მილიონზე მეტი ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა
მსოფლიო ისტორიაში ყველაზე ცნობილმა დონორმა, ავსტრალილემა ჯეიმს ჰარისონმა (James Harrison) ორ მილიონზე მეტი ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა.
ეს ყველაფერი კი ამგვარად დაიწყო - 14 წლის ასაკში, მას შემდეგ, რაც ჰარისონმა ფილტვის მძიმე ოპერაცია გადაიტანა და სხვისი სისხლით გადარჩა, პირობა დადო, რომ თავადაც დონორი გახდებოდა.
დონორობა 18 წლის ასაკიდან დაიწყო და 18-დან 81 წლამდე, დაახლოებით, ყოველ ორ კვირაში ერთხელ, მან სისხლი 1 173-ჯერ ჩააბარა უანგაროდ.
ჰარისონის სისხლის შესწავლისას მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დონორის სისხლის პლაზმა შეიცავდა უიშვიათეს ანტისხეულს - Anti-D. ეს ანტისხეული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა სპეციალური პრეპარატის შესაქმნელად, რომელიც ორსულ ქალებს რეზუს-კონფლიქტისგან (როდესაც დედის იმუნური სისტემა ებრძვის და ანადგურებს ნაყოფის სისხლის წითელ უჯრედებს) იცავს.
ჰარისონი შესულია გინესის რეკორდების წიგნში, როგორც პლაზმის ყველაზე პროლიფიკური დონორი. მისი დონაციების
საფუძველზე დამზადებული კომპონენტებით და პრეპარატებით ავსტრალიაში მილიონობით ორსულობა გადარჩა.
ჯეიმს ჰარისონი, უანგარო დონორობის 60-წლიანი სტაჟის შემდეგ, 2018 წელს, ასაკობრივი ზღვრის მიღწევის გამო, იძულებული გახდა, დონაცია შეეწყვიტა.
იგი 2025 წლის 17 თებერვალს, 88 წლის ასაკში, ძილში გარდაიცვალა.
და ერთ-ერთი ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტი ჰარისონის ცხოვრებიდან - რეკორდსმენ დონორს ნემსის შიში ჰქონდა და პროცედურის დროს, ყოველთვის გვერდით იხედებოდა.
ავსტრალიელი ჯეიმს ჰარისონს მსოფლიოში „კაცი ოქროს მკლავით“ (Man with the Golden Arm) უწოდეს.