მასწავლებლის საგნის გამოცდისთვის რეგისტრაცია დღეს, 20 ოქტომბერს, დაიწყო.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აღნიშნეს, 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე მასწავლებლებს რეგისტრაციის გავლა ვებგვერდზე - online. naec. ge - 30 ოქტომბრის 18:00 საათამდე შეუძლიათ.
მასწავლებლის საგნის გამოცდისთვის რეგისტრაციის დაწყებამდე კი აუცილებელია გამოცდის საფასურის (50 ლარი) გადახდა.
რაც შეეხება თანხის გადახდას, გადახდის შესაძლო საშუალებებია: „საქართველოს ბანკის“ გადახდების პლატფორმა bogpay.ge; „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალი; „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტბანკინგი - ibank.ge და „საქართველოს ბანკის“ მობილური აპლიკაცია - mBank.
„აპლიკანტი, რომელიც გამოცდების დროს საჭიროებს სპეციალურ პირობებს, ვალდებულია, მიმდინარე წლის 20 ოქტომბრის 10:00 საათიდან 5 ნოემბრის 18:00 საათამდე ცენტრში წარმოადგინოს შესაბამისი ცნობა (ფორმა №IV-100/ა) რაიმე ტიპის ფუნქციონალური დარღვევის თაობაზე.
აპლიკანტს, რომელმაც გაიარა რეგისტრაცია, უფლება აქვს, უარი განაცხადოს გამოცდაში მონაწილეობაზე და მის მიერ ტესტირებაში მონაწილეობის მიზნით გადახდილი საფასურის დაბრუნების თაობაზე მიმდინარე წლის 30 ოქტომბრის 18:00 საათამდე განცხადებით მომართოს სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს.
დაინტერესებულ პირებს მოვუწოდებთ, გაეცნონ გამოცდაში მონაწილეობის პირობებს და რეგისტრაცია დადგენილ ვადებში გაიარონ. დეტალური ინფორმაცია გამოცდის ჩატარების თარიღისა და განრიგის შესახებ მოგვიანებით გამოქვეყნდება“, - აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
მსურველს დეტალური ინფორმაციის ნახვა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე მითითებულ ბმულზე შეუძლია.