
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში ეთნოფესტივალი ჩატარდა.
მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე ქართული ტრადიციული რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, ასევე ხელსაქმის და კულტურული მემკვიდრეობის მასტერკლასები მოეწყო. ადგილობრივი მეწარმეების და მარნების მონაწილეობით წარდგენილი იყო ქართული პურის, ღვინის კულტურა დამრავალფეროვანი ეთნოკულინარიული პროგრამა.
ფესტივალის ფარგლებში, დამთვალიერებელმა პირველად იხილა სამღვდელმთავრო, სამეფო და საერო ისტორიული სამოსი.
ღონისძიების საკონცერტო ნაწილი ქართულ ფოლკლორს, ხალხურ ქორეოგრაფიას და საგალობლებს დაეთმო.
კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე თეა ონიანი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
„ფესტივალი გვაძლევს შესაძლებლობას, კიდევ ერთხელ წარმოვაჩინოთ ქართული კულტურის მრავალფეროვნება, გავუფრთხილდეთ ჩვენს მემკვიდრეობას და მომავალ თაობებს გადავცეთ ის ღირებულებები, რამაც აქამდე მოგვიყვანა. მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს რეგიონის კულტურული და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას და შიდა ქართლის პოპულარიზაციას“, - აღნიშნა სიმონ გულედანმა.
გორის მუნიციპალიტეტის მერმა ფესტივალის ორგანიზატორებს და მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, უფლისციხის მუზეუმ ნაკრძალში ეთნოფესტივალს დავესწარით. ფესტივალმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ჩვენი ქვეყნის მდიდარი ისტორია, მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული ტრადიციები და ქართული კულტურული მემკვიდრეობის მრავალფეროვნება. დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა, გასცნობოდნენ ტრადიციული რეწვის ნიმუშებს, ქართულ კულტურას, ეთნოკულინარიულ ტრადიციებს და ისტორიულ სამოსს. ღონისძიებას განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა ქართული ფოლკლორი, ხალხური ქორეოგრაფია და საგალობლები. მსგავსი ღონისძიებები უმნიშვნელოვანესია. მადლობა ღონისძიების ორგანიზატორებს და მონაწილეებს ამ მნიშვნელოვანი დღის შექმნისთვის“, - განაცხადა კონსტანტინე ბუზალაძემ.
ფესტივალი საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ფონდის ინიციატივით და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მოეწყო.