გორში „ქართლის სტადიონის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ახალი ღობის მოწყობა, მაყურებელთა ტრიბუნების რეაბილიტაცია, 500 ინდივიდუალური სკამის და განათების სისტემის დამონტაჟება.
„სტადიონის მიმდებარედ უკვე მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გასახდელები, რაც, განახლებულ სტადიონთან ერთად, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სპორტსმენების სავარჯიშო პირობებს.
პროექტის მიზანი კი საფეხბურთო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ფეხბურთის განვითარებისთვის სათანადო პირობების შექმნა, სპორტსმენების და გულშემატკივრებისთვის კომფორტული გარემოს უზრუნველყოფაა“, - აცხადებენ გორის მერიაში.
გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე „ქართლის სტადიონზე“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.