

ეკვადორის ქალაქ გუაიაკილის კათოლიკურ ეკლესიაში წირვის მიმდინარეობისას, კედელზე დამაგრებული მძიმე ხის ჯვარი მოულოდნელად ჩამოვარდა და ზურგით მდგომ მღვდელს, პატრიციო ალფრედო სანჩეს მოლინარის თავის არეში დაეცა.
მიღებული მძიმე დაზიანების შედეგად, სასულიერო პირი ადგილზევე გარდაიცვალა.
ტრაგედიას კიდევ უფრო დრამატული ელფერი შესძინა იმ ფაქტმა, რომ ჯვრის დაცემისას, მამა პატრიციო ეკლესიაში შეკრებილ მრევლს სწორედ სიცოცხლის წარმავლობასა და სიკვდილის მოულოდნელობაზე უქადაგებდა.
გუაიაკილის ეკლესიაში მიმდინარე წირვა სოციალური ქსელით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და უამრავმა ადამიანმა იხილა სასულიერო პირის მოულოდნელი გარდაცვალება.