საზოგადოება
19.10.2026 14:40
დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვის მსურველთათვის განაცხადების მიღება დღეიდან დაიწყო
დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვის მსურველთათვის განაცხადების მიღება დღეიდან, 19 ოქტომბრიდან, დაიწყო.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იძულებით გადაადგილებული პირების განაცხადების მიღება ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

რაც შეეხება განაცხადს, განაცხადის შევსებისას ადგილზე უნდა იმყოფებოდეს ოჯახის ყველა სრულწლოვანი დევნილი წევრი; იძულებით გადაადგილებულმა პირებმა უნდა წარადგინონ მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო ოჯახის არასრულწლოვანი წევრების შემთხვევაში დაბადების მოწმობა; არასრულწლოვნების შემთხვევაში, დამატებით საჭიროა ორივე მშობლის, მათ შორის, დევნილის სტატუსის არ მქონე მშობლის თანხმობა (წერილობითი თანხმობის ფორმაზე ხელმოწერა ხდება იუსტიციის სახლში განაცხადის შევსებისას); ოჯახის რომელიმე წევრის ადგილზე არ ყოფნის შემთხვევაში, საჭიროა ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, სადაც მითითებული იქნება კომპენსაციის თანხის მიმღები პირი.

განაცხადის მიღების შემდეგ, დევნილთა სააგენტოს შესაბამისი სამსახური შესულ დოკუმენტაციას რიგითობის მიხედვით დაამუშავებს, რის შემდგომაც განხორციელდება მონიტორინგი. მონიტორინგის მიზანია, დადასტურდეს, რომ ოჯახი აკმაყოფილებს კომპენსაციის მიღებისთვის დადგენილ კრიტერიუმებს.

„ახალ პროგრამაში ჩართვა სრულიად ნებაყოფლობითია და ყველა იმ დევნილ ოჯახს შეუძლია, რომელსაც სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართი ან შესაბამისი კომპენსაცია არ აქვს მიღებული.

ფულადი კომპენსაცია განცხადების შეტანის რიგითობის შესაბამისად გაიცემა და მისი ოდენობა ოჯახის თითოეულ დევნილ წევრზე 10 000 ლარს შეადგენს. ოჯახის იმ წევრებზე, რომლებსაც დევნილის სტატუსი არ აქვთ, ასევე, კანონმდებლობის შესაბამისად, 2023 წლის 1-ელი იანვრის შემდეგ დაბადებულ პირებზე თანხა არ გაიცემა.

აღნიშნული პროგრამისთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტში 58 მილიონი ლარია გათვალისწინებული. დევნილთა ფულადი კომპენსაციით უზრუნველყოფა მომდევნო წელსაც გაგრძელდება, ხოლო განაცხადების მიღების ახალი ეტაპის დაწყების თარიღი დამატებით გამოცხადდება.

მნიშვნელოვანია, რომ კვლავ აქტიურ რეჟიმში გრძელდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა და „სოფლად სახლის“ შესყიდვის პროგრამა. ფულადი კომპენსაცია პარალელურ რეჟიმში გაიცემა და არ შეაფერხებს არსებული, წარმატებული პროგრამების მიმდინარეობს“, - აცხადებენ სამინისტროში.
კვირის ამბები