ვეტერანის დღესთან დაკავშირებით, ხელისუფლების წარმომადგენლები გორში მცხოვრებ ვეტერანებს შეხვდნენ და დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს
ვეტერანის დღესთან დაკავშირებით, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა სიმონ გულედანმა, გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ, გორის საკრებულოს თავმჯდომარემ მარლენ ნადირაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა დიდების მუზეუმთან არსებული სამშობლოსთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.
ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე, შეხვდნენ გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ვეტერანებს და ვეტერანის დღე მიულოცეს.
როგორც „გორის მაცნესთან“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის შიდა ქართლის სამმართველოს უფროსმა ზვიად საბაშვილმა აღნიშნა, შიდა ქართლში 11 300-მდე პიროვნებაა ვეტერანის სტატუსის მატარებელი და მათი ღვაწლის დაფასება ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
„ვეტერანებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების მხარდაჭერა და მათ მიმართ მადლიერების გამოხატვა იმ ფასდაუდებელი ღვაწლისთვის, რაც ქვეყნისთვის გაიღეს. საქართველოში არაერთი შეღავათით სარგებლობენ როგორც ვეტერანები, ისე მათი ოჯახის წევრები“, - აღნიშნა ზვიად საბაშვილმა.
რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტირებული ვეტერანები (შშმ პირები) წლის განმავლობაში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სახით 1300 ლარს იღებენ.
„გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ვეტერანები მერიის სოციალური პროგრამის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობენ. გორის მერია აფინანსებს ვეტერანების სარეაბილიტაციო კურსს საზღვაო კურორტზეც“, - აცხადებენ გორის მერიაში.
ცნობისთვის, ვეტერანის დღე 2014 წელს დაარსდა და წელს მეთორმეტედ აღინიშნა. 1995 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“, რაც, შემდგომში, ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა. ამავე წელს შეიქმნა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური.