საზოგადოება
19.10.2026 12:04
შიდა ქართლში არასტანდარტული ვაშლის ჩაბარება მიმდინარეობს - სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ვაშლის გადამუშავების პროცესს გაეცნო
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შიდა ქართლში არსებულმა ხილის გადამამუშავებელმა საწარმოებმა არასტანდარტული ვაშლის ჩაბარება დაიწყეს.

სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, შიდა ქართლის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან ერთად, გორში არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით შექმნილ საკოორდინაციო შტაბში იმყოფებოდა და პროგრამის მიმდინარეობის შესახებ მოისმინა ინფორმაცია. კომპანია „ბიოჯუსის“ საწარმოში ვაშლის მიღების და გადამუშავების პროცესს კი ადგილზე გაეცნო.

როგორც ზურაბ გოზალიშვილმა აღნიშნა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს აგროსექტორის წარმომადგენლებთან. გამართული შეხვედრების და სექტორის საჭიროებების განხილვის შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, მიმდინარე წელსაც ამოქმედებულიყო არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა.

„ამ ეტაპზე, არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს როგორც შიდა ქართლის, ისე სხვა რეგიონებში (რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი და მცხეთა-მთიანეთი). პროგრამაში ჩართულმა გადამამუშავებელმა საწარმოებმა, პროგრამის ამოქმედების დღიდან, 13 ოქტომბრიდან დღემდე, 800 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარეს, ფერმერებმა 200 000 ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს, მათ შორის, სახელმწიფო სუბსიდია 83 000 ლარს აღემატება.

პროცესის ეფექტიანი კოორდინაციისა და მოსავლის ორგანიზებული ჩაბარების უზრუნველსაყოფად, გორში შექმნილი საკოორდინაციო შტაბი 18 დეკემბრამდე იმუშავებს,“ - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სუბსიდია 1 კგ. არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრს შეადგენს. პროგრამაში ჩართვა შეუძლია ხილის გადამამუშავებელ ყველა იმ საწარმოს, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ. არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 25 თეთრად შეისყიდის.

შეგახსენებთ, გასულ წელს სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა ხილის გადამმუშავებელმა საწარმოებმა 40 ათას ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარეს. შედეგად, ფერმერებმა 12 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს. სახელმწიფო სუბსიდიამ კი 4 მლნ ლარს გადააჭარბა.
კვირის ამბები