საზოგადოება
10.09.2026 10:48
მეორადი ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობის მსურველებისთვის ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 11 სექტემბერს, 15:00 საათზე ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობის მსურველებისთვის ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იქნება აღნიშნულ პროცესში მონაწილეობის და საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის წესები, ასევე მნიშვნელოვანი რეკომენდაციები. აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ, მათთვის საინტერესო კითხვები დასვან და პასუხები მიიღონ.

„ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა Microsoft Teams-ის პლატფორმის გამოყენებით ჩატარდება და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გამოცდების ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მაია გაბუნია გაუძღვება.

შეხვედრაზე დასწრება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ გვერდზე მითითებული ბმულის გამოყენებით შეუძლია.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, კიდევ ერთი ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობის მსურველებისთვის 15 სექტემბერს, 15:00 საათზე გაიმართება. აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცენტრის ვებგვერდზე www. naec.ge მოგვიანებით გამოქვეყნდება“, - ნათქვამია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობის და მათთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის შესაძლებლობა აბიტურიენტებს 2026 წლის 14 სექტემბრის 11:00 საათიდან 18 სექტემბრის 18:00 საათამდე ექნებათ.
კვირის ამბები